Friday, August 30, 2013

ბებერი ქარი *** საშა გველესიანი***

ქარი ზეცისკენ მიდენის ხეებს,
შორეულ ღრუბლებს ხატავს მერცხლებათ,
ღაწვებალანძულ ქალწულ ნეკერჩხლებს
კაბას გააძრობს, განა შერცხვება.
არც შენ დაგზოგავს, წაგართმევს კალთებს,
სუსტი თითებით დაუწყებ ბრძოლას,
თვალებადქცეულ აწვართულ ალვებს
ყმაწვილებივით შეჰკიდებ ჟრჟოლას.
მითხარი ვინ ხარ, დამიდგეს თვალი,
ვინმემ მითხარით ტყვიადასახლელს…
არ დამიმალავს ძმაკაცი ქარი
და ჭორიკანა ნიავს მაახლებს.
. . .
მიამბობს __ ქარმა როგორ გაგხადა
თვალები აგიმღვრია ანკარა,
ავხორცმა კინაღამ ნამუსი აგხადა
ყვავილებს დამართა თაკარა.
ეს როგორ მაკადრე ქარაშოტო,
ოცნებებს მინიავებ მოძალადევ,
უნდა თმით გითრიო და გაგშოლტო
Bბებერო კუდიანო და მოღალატევ…
. . .
რამდენი სცოდნია
მოსასპობს ლაპარაკი,
რა მიკვირს, -- ნიავია ეს მაღვალაკი…
. . .
ვბერდები ისევ მაჯობა ქარმა,
ისევ ნაჭუჭის კედლებს ვეხლები.
ვერ შევძელ ცაზე ღრუბლების ქარგვა,
აღარც მოდიან ჩემთან მერცხლები.
მინდა შენს კალთებს შლეგივით დავწვდე
და ვიგრძნო შენი თითების თრთოლა,
წითელი ფერი შევრიო ღაწვებს,


საჯიხვეებზე ავტეხო სროლა.
მაგრამ ვაი, რომ მართლა ვბერდები,
წლებმა დამასხეს შუბლზე ღარები,
შენ ახლა ნიავს ეკეკლუცები,
სხვა გზით დაჰქრიან ჩემი ქარები.

No comments:

Post a Comment