Friday, August 30, 2013

ანიდან ჰოემდე *** საშა გველესიანი***

ანი – სხივი გაჰკვეთს ბნელის მახეს,
ბანი – ცა იხსნება, იბადები,
განი – განათდება დედის სახე,
დონი – ძუძუს დვრიტას მიადგები.
ენი – უხეშ თითებს შუბლთან იგრძნობ,
ვინი – ვინ არის და მამაშენი,
ზენი – ზემოთ აგიტაცოს ვინძლო,
ჱ - ეი – შენი მოდგმა დაამშვენე.
თანი – დაგედგმება ნათლის სვეტი,
ინი – ზეცას ესმა სათხოვარი,
კანი – მირონს იცხებ ერთით მეტი,
ლასი – გაგიღიმებს მაცხოვარი.
მანი – ზეციერის იყავნ ნება,
ნარი – ანგელოზი იარება,
ჲ - იე – ტაძრად ისევ მიყვანება,
ონი – ჰყონ პირველი ზიარება.
პარი – შეუმჩნევლად იპარება,
ჟანი – ყმაწვილობის მწვანე ფერი,
რაე – ცისარტყელა იფარება,
სანი – არსებულა არაფერიც.
ტარი – სატევარზე ხელის გასმა,
ჳ - ვიე – მიეტევე მტერს და დუშმანს,
უნი – ურჯულომ და ეშმას დასმა,
ფარი – რომ შენს მიწას ხელი უშვას.
ქანი – სიყვარული გეახლება,
ღარი – ბედი იდენს ღვინოსავით,
ყარი – ბიჭი ჩნდება შენს სახელად,
შინი – გოგო, -- წმინდა ნინოსავით.
ჩინი – თვალისჩინი ნელა ქრება,
ცანი – გაეცანი შენს სიბერეს,
ძილი – ბალღის ძილი გენატრება,
წილი – მიწა წილად შეგიფერებს.
ჭარი – ნაჭარმაგევს გამოჩნდება,
ხანი – ხანმა რამე დააპიროს,
ჴ - ხარი – დრო ხარივით გაოჩნდება,
ჯანი – სული ტანში დაჯახირობს.
ჰაე – სხეულს ტოვებ, ლაჟვარდს ერთვი,
ჵ - ჰოე – გულში გიკრავს ისევ ღმერთი.

No comments:

Post a Comment