Friday, August 30, 2013

იგულისხმე ბალღო...*** საშა გველესიანი***

ჩემი სიზმარი, ვგრძნობ და ვიცი, ახდება აწი,
გათენდება და ჩემი შვილი გახდება კაცი.

* * *
ორაგულივით მივაპობდი მდინარეს აღმა,
ვერ დავაბრუნე ეს სოფელი რაკი-ღა წაღმა.
სათავისაკენ, წმინდა წყლის რომ გცოდნოდა გემო,
ჩემი სიცოცხლის ნატეხო და სისხლ-ხორცო ჩემო.
ჩაგიდგი გული, სამშობლოსთვის რომ გასკდეს მხოლოდ,
მოგეცი სისხლი, ჩვენი ყოფის თავი და ბოლო.
ამ სისხლს მიენდე, დაუჯერე, დაუგდე ყური,
მისგან ისწავლე ცა და მიწა, ღვინო და პური.
სამშობლოს ძარღვი სადაც ფეთქავს, მარცხენა გედოს,
ხმლიან მარჯვენით მოუარე დვრიტას და დედოს.
იცოდე, კაცი მაშინა ხარ, (დროც აღარ იცდის)
შენსაზე მეტად, სხვის სატკივარს როცა განიცდი.
თუ ამბობ რამეს, ისე თქვი, რომ სიტყვა დაბეჭდე,
სიტყვა კი არა, ჯიშად მოგდევს, რკინაც დაღეჭე.
მავანთ, ცხოვრება, საბედოზე ცხვარივით აბამს,
მართალი თუ ხარ, ბედისწერას ამოსდებ ლაგამს.
რჩეული უნდა იყო, არა მარტო საჩინო
და რაღაც უფრო, უფრო მეტიც არის საჭირო.
მე რომ მაჯობოს, ეს არ ჰყოფნის ახლა სამშობლოს,
მამას კი არა, საკუთარ თავს უნდა აჯობოს.
* * *
ყივილით ბრუნავ ძარღვში, როგორც ბედის ბორბალი,
ჯვარცმულო სისხლო, ღვთის სიტყვა, ხარ ჩემში მბორგალი.

No comments:

Post a Comment