Friday, August 30, 2013

ხიდი ნისლში *** საშა გველესიანი***

როგორ ვიღლები იცი, ხანდახან,
ღამდება უკვე, დღეც ხომ იღლება,
ცრემლების, აღარ მინდა დანახვა,
გასათენებლად ამოყივლება.
ეს ხიდი, სადღაც ნისლებში მიდის,
სადღაც სახლია, იქით ნაპირზე,
დეკემბრის დილას, ფერი აქვს ბინდის
და მეც შიშით და ბინდით ავივსე.
ამ ნისლში, ალბათ დემონი ცხოვრობს,
ნისლების მიღმა არის სინათლე,
იცი, ტკივილებს როგორ ვემონე
და რა მწარეა ჩემი სიმართლე.
წარსული, შენი თვალებით მიმზერს
და შენს სუნთქვაში, ჩემს სახელს ვეძებ,
მზით განათებულს, ვიგონებ იმ დღეს,
დაბრუნებას რომ ვერასდროს შევძლებ.
ან ვინ აუღო სიცოცხლეს გეში,
ბედი, ხურდასაც ვეღარ იმეტებს,
ბეღურასავით ჩამაკლავს ხელში,
ბავშვობით სავსე ფერად იმედებს.
სიცოცხლე, დათვლის სიმარტივეა,
უკუთვლით, მალე იქნება ერთი,
ხიდს აქეთ, მხოლოდ სიმარტოვეა,
ხიდს იქით, მგონი მარტოა ღმერთი.
ეს ხიდი, ბედის არის სადარი,
ჩუმად მითხარით, ახლა სადა ვარ,
ნისლია ჩემი შიშის მხატვარი,
მაგრამ ამ ხიდზე, მაინც გადავალ.

No comments:

Post a Comment