Saturday, October 16, 2010

ატმის ყვავილი *კობა ჭუმბურიძე*


როცა ვიგონებ შენს გაღიმებას, მარჯნის ბაგეში ჩამუხტულ ვნებას, 
კამკამა თვალთა უცხო საფირონს, ასე უძიროს და უნაპიროს, 
და გვირილების გვირგვინით შემკულს მაგ თმას,  ჩამოღვრილს ოქროს ჩანჩქერად,
რა მანქანებით ვუბრძანო ჩემს გულს, რომ შეანელოს ძალუმი ძგერა.
არადა ბრძენთა მოგდევს კიჟინა, რომ სიყვარული არის ტკივილი 
და რომ როგორმე უნდა ჩაახშო ამ უგუნური გრძნობის ყივილი, 
რომ თურმე უნდა იცხოვრო მშვიდად და დაიოკო სულის ქავილი, 
როდესაც აღარ გაღელვებს დიდად შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.
და რომ ამგვარი გადარეცხილი რეალობისთვის უნდა გაწირო 
შეყვარებულის თავდავიწყება, ასე ლამაზი და სასაცილო.
ესაა გრძნობა, როდესაც გათოვს პირველი თოვლის თოთო ფანტელი, 
ღამე, როდესაც შენს სულში ათევს განცდათა მთელი კორიანტელი,
როცა ღრუბლები გვანან თოლიებს, როცა რითმები თავად მოდიან, 
ქარი რომ ტოტებს აიყოლიებს და მათი ვალსის ჟღერს მელოდია,
როცა შხაპუნა ქსოვს ცისარტყელას და შენ ამ კიბით ცისკენ აივლი 
და ოცნებაში სულ თან დაგყვება შაშვის სტვენა და ატმის ყვავილი.

2 comments:

  1. მიყვარს და პატივს ვცემ კობა ჭუმბურიძის ხელოვნებას; ლამაზად ნათქვამი ლექსიც ხელოვნების ნიმუშია.

    ReplyDelete
  2. გეთანხმები შალვა :)
    არაჩვეულებრივი პიროვნება კობა და აბსოლიტურად გამორჩეულ, დიდებულ ქართულ ენაზე აამეტყველა სტრიქონიც :)

    ReplyDelete