Saturday, October 2, 2010

*** ვასო შონია



მიჩერებული ერთ,

ერთადერთ წერტილს,

მიშტერებული ღმერთს -

უმეტესს ღმერთის...



ღრუბლის ქულაზე წამოწოლილს,

მიწას მოწყვეტილს,

წვიმით დანამულს,

მზის ქვეშ მოყოლილს,

არ დამედება მტვერი,

არ მეყოლება არც მოყვარე მოსისხლე

და არც მოსისხლე მტერი,

არ მომკლავს ტყვია, შიმშილი, წყურვილი,

წითელი შური, მწვანე სიძულვილი

არ მომკლავს...

ჩემი ვედრება, ლოცვა და სურვილი,

ჩემი გულისცემა სავსე სიყვარულით,

ზეცის დღიურში სიტყვებად გამომყავს:

მათხოვე ალერსი წერტილის ერთის,

მაცხოვრე ცხოვრებით წერტილის

უმეტეს ღმერთის;

არ მინდა სიცილი...

მათხოვე მოხარხარე ბედნიერება -

სავსე ტირილით,

მათხოვე სიყვარული ჩუმი -

სავსე კივილით,

მათხოვე...

მერე თუ გინდა დამაყრუე, დამაბრმავე,

გონებამიბნედილი, ღონემიხდილი

მარტო დამტოვე...

ოღონდ მათხოვე!.. მათხოვე!.. მათხოვე!..

წამართვი მერე, თუ გინდა

ცრემლი, ღიმილი...

და მიჩერებულს ერთ,

ერთადერთ წერტილს...



მიშტერებულს ღმერთს -

უმეტესს ღმერთის,

გადამაფარე სევდა-საბანი...

მაჩუქე დარდით სიკვდილი.

No comments:

Post a Comment