Saturday, October 23, 2010

ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამი... (ზაზა ბიბილაშვილი)

ჯანდაბას - მერქვას მიჯნური ხამი
და ზმანებების პირისფარეში.
ჯანდაბას ათასერთივე ღამის
სულის ამოხდა ღია თვალებში;
ფიცი - მბოდავი ბაგის ნაფშვენი -
შენი მწარე და მწირი ხუმრობა.
ჯანდაბას კოშკი - შენთვის ნაშენი,
ქარწაღებული კირითხურობა;
ურვის ურდოთა შემოწყობანი,
გახსენებული გემო ცრემლების.
ჯანდაბას ჩემი შეშლის ცნობარის
მკითხველები და გამომცემლები;
გული - საშენოდ ძლივს მონაკრები
ნაკუწ-ნაკუწი ავლადიდება
და თუნდაც მთელზე ოდნავ ნაკლები
ჯანდაბას ქვეყნის გადაკიდება!..
მაგრამ:
თუ ხსოვნა განგების დასებს
ჩემში შანთებით ამოუტვიფრავთ
და ვით დამეცი ქარიან თავზე,
არ დამავიწყდი ისე უტიფრად;
კვლავ წამიქეზე ჯავრის მახრები,
ჯიგრის გამკვეთი და გამწურავი;
თუ შემიგინე შემოსაყრელი
ქალწულიცა და ნაქალწულარიც
და ვინმე, შენზე უფრო კეკლუცი,
აღარასოდეს თათმანს არ გესვრის;
თუ არ მომირჩა შენი ნაკოცნი,
ვით უჭრელესი გველის ნაგესლი;
თუ შემატოვე თოვლიან ბაღებს
გონჯი ფიტული-_ ბავშვის ნახატი;
ვერ მოგინელე - არაყი მძაღე,
ვერ მოგიხადე, როგორც სახადი!.. -
ნურც გაკვირდები:
ვეღარ გავქვავდე,
როგორც საცრემლე მესაფლავეთა;
ამომივიდეს ყელში
აქამდე
ყელში გაჩრილი უცხო პლანეტა;
თავს დავაბრალო ჟინი ბავშვური
და ყულფში გავყო მთელი შეგნებით -
სარდლის ემწაროს საჯდომს პანჩური
ამბოხებული მხედრის ჩექმების...
გვამში ჩაბრუნდეს სულის ნახველიც,
რომ ანგელოზმაც ვეღარ მიაგნოს...
- ასე დაერქვას შენი სახელი
დაბადებიდან დასმულ დიაგნოზს.

No comments:

Post a Comment