Wednesday, October 13, 2010

შ ე ნ ♥ ცირა ბარბაქაძე ♥

მე შენ გელაპარაკები... 
მთელი სამყარო კი ექოსავით მიმეორებს: 
მე ვარ... მე ვარ... მე ვარ... 
ვისაც შენ ელაპარაკები... 

მე შენ დაგეძებ... 
მზე კი მეუბნება: 
ეს მე მეძებ... მე მეძებ... მე მეძებ... 
აბა, იპოვე, ჩემი მეცხრე სხივი 
სად დაიმალა...? 
ჩემ წინ ყვავილი გაიშალა 
და დავინახე: 
იმ ყვავილში სხივი როგორ შეიპარა... 
დავინახე, მაგრამ არ ვიცი, 
როგორ ვიპოვნო... 

მე შენს ნაფეხურებს მოვყვები... 
წინ კი იმდენი ნაფეხურია... 
აღარ ვიცი, საით წავიდე... 
საით წავიდნენ ჩემი ზომა ნაფეხურები? 
მგონი სულაც ცალ-ცალს ვაბიჯებ... 

მე შენ გეძახი... 
ქარიშხლები გამცემენ პასუხს... 
ალბათ დამეწყო 
სიყვარულის ღვთაებრივი პარანოია... 
და ეს ფოთოლიც, ალვის ხეზე, 
შენ მიგამგვანე... 

მელაპარაკე... _ გეუბნები! 
უცებ სამყარო _ ხილული და უხილავი _ 
შენ მაგივრად მიწყებს საუბარს... 
შენ კი... შენ... სად ხარ... 
კაცი თუ ღმერთი? 
ეს ყველაფერი შენი ასლია... 

მე შენს თვალებშიც შენ დაგეძებ... 
ნამდვილი ”შენ” უნდა გიპოვნო... 
და დაგაბრუნო... 
და გეტყვი მერე: 
აღარ გნახო, შინიდან რომ ისე გახვიდე, 
არ დამიბარო... 

No comments:

Post a Comment