Saturday, October 9, 2010

ეული ფითრისა *იმედი ჯახუა*

მწვანე ჯერაც ეურჩება ყვითელს...
ვეფერები შენს შეცივნულ თითებს...

ვეფარები მოგონების ჩეროს,
ხელში შენი მაჯის თრთოლვას ვითვლი...
შენ კი ზემოთ გეპარება მზერა
კენწეროზე მწვანე ბურთი - ფითრი

რძისფერ, რძიან მძივებს უწვდის ჩიტებს...
მწვანე ჯერაც ეურჩება ყვითელს...
ვეფერები შენს ფერგამკრთალ თითებს
და შენს დაღლილ გულისფეთქვას ვითვლი..

რა ბაღები გაუძარცვავთ ქართა...
აწ ყოველი რა იოლად ითქმის...
წლებს კი ჩვენი სიყმაწვილის გარდა
არაფერი წაუღიათ თითქმის...


ო, რამდენი წვეთი ცრემლის მისდევს
რამდენ ქარს და წვიმით ნაბან ბინდებს...
მწვანე ჯერაც ეურჩება ყვითელს
- როგორც ცრემლი შეაკავებს ქვითინს...

ხელისგულზე შენი ხელი მიდევს
- ვეფერები შენს შეცივნულ თითებს...
ვეფარები სინანულის რიდეს
და შენს მიმქრალ მაჯისცემას ვითვლი..

მსხალს მიმცხრალი დეკემბრის მზე ადგას,
- მშიერ შაშვებს შიშით ელის ფითრი...
ტოკავს ჟამის გამჭვირვალე ფარდა
- აბა წლებზე რა აუგი ითქმის?!.

- მათ ხომ ჩვენი სიყვარულის გარდა
არაფერი წაუღიათ თითქმის?!.


ნუთუ მართლა?!. - მაინც როგორ, ღმერთო?!.
- მარქვი რად და თუ სჯობს - მაინც რითი?!.
ყველა ფოთლის ერთგულებას ერთად
ერთგულება ერთადერთი ფითრის?!.

კენწეროზე მწვანე ბურთი ჩიტებს
რძისფერ ნაყოფს - რძიან მძივებს უწვდის...
მწვანე ჯერაც ეურჩება ყვითელს...
ფითრი ზამთარს უდარდელად უცდის...

როცა ხსოვნა გულს ცრემლებით ნათლავს,
როცა მზერა ნიშანია კითხვის,
მხოლოდ ერთი - გული იტყვის მართალს,
თუნდ უჩუმრად, თუნდ უთქმელად სიტყვის...

ჩვენს გულებს ხომ ერთმანეთის გარდა
აღარავინ დაუკარგავთ თითქმის...


და ჩემს გულს ხომ დღესაც ისევ ბზარავს
გახსენება იმ აპრილის იმ დღის...
ან მას ვითღა აწამებდეს სხვა რამ,
ვინც არეულ რიტმს მაჯაზე ითვლის?!.

გულიც ვისი ამდენ რამეს მალავს,
გული - ტოლი პაწაწინა ჩიტის...

გულის ხსოვნა რამდენ რამეს იტევს...
გულის სათქმელს ენა ვითღა იტყვის?!.
ვეფერები შენს ფითრისფერ თითებს
და ზეავცქერ მზეზე ხასხასს ფითრის...

მუხლმოყრილა შენი გულის კართან
გული ჩემი - ვით პასუხი კითხვის...
- მათ ხომ ქვეყნად ერთმანეთის გარდა
აღარავინ ჰყვარებიათ თითქმის...

No comments:

Post a Comment