Sunday, July 8, 2012

*** ელგა ფოლადიშვილი


წავალ, ჩამოვხსნი გასაშრობად გაფენილ დღეებს,
თორემ ბეღურებს ფანჯრის რაფა ევიწროებათ...
სათითაოდ წამოვკრიფავ:
ფერწასულ აისს...
გაცრეცილ დილას...
უსახურ დაისს...
დაკემსილ ღამეს...
და ზეწარს, მარცხნივ რომ ეტყობა ნაწოლი...
გულის მხარე საწოლშიც ჩემია.

შენ მანამდე დალიე ჩაი...
მაგიდაზე დევს ორცხობილა.
ნუ უყურებ ასე ჯიუტად,
კედლის საათმა ისედაც იცი,
დიდ ისარს როდის უსწრება პატარა...
გაიკეტე კარი უხმოდ,
ნუ გადარაზავ...
არსად არ წავალ.
აივანამდე სულ ორი ნაბიჯია...
სამზარეულომდე -  ექვსი...
აბაზანამდე - ოთხი...
ამ "სამკუთხედის" იქეთ წასასვლელი მაინც აღარ მაქვს.

წავალ ავკრიფავ დასაკარგად განწირულ დღეებს,
გაწყვეტილი მძივივით რომ გაბნეულან მტვრიან ქალაქში...
კალთაში ჩავიყრი,
ფეხმორთხმული დავჯდები იატაკზედა დავახარისხებ:
შენთან ყოფნის და უშენობის დღეებს გადავთვლი...
მერე თითებზე დავითვლი წლებს და თავს ვინუგეშებ -
ათის შემდეგ ისედაც სიცარიელე იწყება...

ამასობაში შენ მოხვალ სახლში.
დაღლილი ხარ...
შემოდგომასაც გასდის ლანდი
და  ერთმანეთის ჩრდილად ქცეულები
რიგრიგობით რაზვათ - კარებს,
ხურავთ - დარაბებს,
აქრობთ - სიანთლეს...
ზამთრის საღამურს იცმევ და ამბობ:
მე ვიძინებ!..
შემოდგომას რა დააძინებს, ჩემთან რჩება დაზამთრებამდე...

წავალ...
აივნამდე სულ სამ ნაბიჯია,
წამოვკრიფავ გასაშრობად გაფენილ დღეებს...
სამზარეულომდე  -  ექვსი,
ჩაიდანს შემოვდგამ გაზქურაზე...
აბაზანამდე -  ოთხი,
გამშრალ თეთრულს ისევ დავალბობ...
და დილიდან ისევ თავიდან დაიწყება
მარტივი და მოსაწყენი არითმეტიკა:
ერთს პლიუს ერთი ორს უდრის,
ერთს პლიუს ნული - სიცარიელეს...
არც ოჯახს,
არც სიყვარულს,
სიცარიელეს!..

_____________

წავალ, ჩამოვხსნი გასაშრობად გაფენილ დღეებს,
თორემ ბეღურებს ფანჯრის რაფა ევიწროებათ...
ისინი ორნი არიან.

No comments:

Post a Comment