Monday, December 27, 2010

ხურდა **ლევან ქერდიყოშვილი**

მცივა!
უღიმილოდ მცივა,
(სიტყვა მემძიმება მხოლოდ)
დააქვთ სიმკაცრე და ბრაზი
ტუჩებს შეყინული ლოლოდ.

მშია!
თანაგრძნობა მშია,
(ლუკმებს მამაღმერთი მჩუქნის)
უხმოდ ტროტუარზე ვგდივარ,
სიტყვა მენატრება მოყვრის.

მტკივა!
უგულობა მტკივა,
(დამსკდარ ფეხისგულებს ვუძლებ)
ვითხოვ რომ ესმოდეთ ჩემი,
მკრავენ სიბრალულის ლურსმნებს.

ვკვდები!
უმეგობროდ ვკვდები,
(ხალხი ეკლესიებს აგებს)
ცრემლი აღარ შემრჩა თვალში,
სიტყვა აღარ შერჩა ბაგეს.

მცივა, გულს მიფუფქავს ფიქრი,
მხოლოდ სიყვარული მშია,
მტკივა, უგულობით ვკვდები-
მე ხომ მათხოვარი მქვია.

........................

უცებ დავენარცხე ფსკერზე,
დრო კი ტკივილს ვეღარ კურნავს,
თითო გაღიმებას ვითხოვ-
ფეხზე დაყენების ხურდას.



25 დეკემბერი. 2010წელი.
ბობნევი, ღამე.


No comments:

Post a Comment