Tuesday, December 21, 2010

ნუ დამაბერებთ... **ლევან ქერდიყოშვილი**

ბავშვი ვყოფილვარ!
თურმე სწყინდათ ჩემი ბავშვობა.
არ შევეშვები!
ნუ მოითხოვთ ჩემგან სიბერეს!
ნუ დამიბარებთ
იალქნების დაბლა დაშვებას,
ვერ დავუშვებ და
სათამაშოდ გავიპარები.

და ვერ დავუშვებ
რომ უჩემოდ იქროლოს ქარმა.
ფერებს ავყვები დარჩენილი
ყველასგან მარტო,
რა მეშველება
თუ სიბერის წამიღო წყალმა!
არ გეშინიათ
ერთ დღეს მართლა რომ გავიზარდო?

ან გემეტებით
ულექსოდ რომ დამტოვოთ ასე?
არ მოველოდი!
(და რითმებში მაინც ვეშვები)!
არ უნდა გეთქვათ,
(თქვით და სიტყვამ დაკარგა ფასი)
მე გიპასუხებთ,
ჩემს ბავშვობას ვერ შევეშვები!

ვერ შევეშვები
ჩემს ფიქრებში კორიანტელებს!
ვერ შევეშვები
უადგილო ადგილას სიცილს..
ვერ შევეშვები
ნაფეთქარებს გულით ნატარებს.
ვერ შევეშვები
ბორკილების დამსხვრევას მიწის!

ნუ დამაძალებთ
ჰაერში მფრენს რომ მიწა ვთხარო,
ნუ დამაბერებთ
შეწყვეტილი ფიქრების წყებით,
გაიზარდეო,
ნუღა მეტყვით,ჯერ ბავშვი ხარო.
მოხუცი ვარ და
თან მხიარულ მოზარდად ვრჩები.
......................
ნუ დამაბრუნებთ სიბერეში...

და ნუ მეტყვით რომ გაზრდამდე ვერ დამელოდებით...

თორემ მენდეთ,
მერე აღარ მოგეწონებით...


2010 წელი
18 დეკემბერი.
თბილისი, ღამე...

No comments:

Post a Comment