Saturday, March 8, 2014

შენ გზა ხარ... **საშა გველესიანი**

მზესავით ვქრები და 
ვინთები,
ოცნებამ აიშვა
სადავე,
შენ გული გიჭირავს
თითებით
და ჩემში
სიცოცხლეს აკავებ.
თვალები კიბეა
ზეცამდი,
ტუჩები მიგიგავს
ბარძიმებს,
შენ ჩემს სულს
სანთლებად ძერწავდი
და მიწა ვერაფრით
მამძიმებს.
მზის თვალი
ეღვრება საკინძეს,
(დედის და
ქალწულის შერევა...)
შენ დილით
ლექსებად მაღვიძებ
და სიკვდილს
გზა-კვალი ერევა.
ბალახზე ცვარივით
კანკალებ
ღრუბლებში ნისლებად
შერთვამდე...
შენ ჩემში
სიცოცხლეს აკავებ...
შენ გზა ხარ
მიწიდან ღმერთამდე.

No comments:

Post a Comment