Sunday, December 15, 2013

ზამთრის ღამე ***გივი ალხაზიშვილი***

...რაც გაგახსენდა სულ ეს იყო: ხმები, ხმები და
ფრთების შხუილი, ცა _ ყვავების გადანაფრენი,
შავი ლაქები მოსავსავე, სხვა არაფერი,
სხვა აღარავინ, მხოლოდ გულში გასანასკვავი
ფიქრი, რომელიც თვალებშიაც იკითხებოდა
და წაკითხვისას არ ბრწყინავდა, როგორც ვარსკვლავი

და სუსხიანი ზამთრის კოცნით სულშეხუთული
გარბოდა ვიღაც შინისაკენ, იქნებ შინიდან
ან არავისთან არ გარბოდა და ეშინოდა,
რომ ყველგან, მუდამ და ყოველდღე იყო არავინ,
ვინც ფანჯრის მინებს შეუმჩნეველ სუნთქვით ორთქლავდა
და დროს გპარავდა, სხვა რა გქონდა მოსაპარავი

და დღე და ღამეს ვინ დაღლიდა მორიგეობით,
ერთმანეთს ცვლიდა გამუდმებით ორი ბადრაგი,
შენ ბოლთას სცემდი და სხეული გადასათრაქი,
ოთხკედელს შორის გადაგქონდა შინაპატიმარს
და ტელევიზორს აუქმებდა ძველი ფანჯარა,
ვორდის პროგრამა ავტოკალამს და ფარატინა

ქაღალდს, რომელიც არც გახსოვდა, აღარც დაორთქლილ
ფანჯრის მინაზე აღარ წერდი, აღარც სარკეზე
და ვირტუალურ სამყაროში სჩრიდი ანკესებს _
ლექსებს და გრძნობდი, თითქოს, ვიღაც იყო მომსვლელი,
შენ ბრუნდებოდი და ხედავდი, რომ მზეს ჩამავალს
შემოსცვეთოდა ოქროს ქოში და სამოსელი.

მალე ამ მთებსაც ბინდის გარსი გადაეკვრება
და მოვა ღამე სუსხიანი და გულმრისხანე,
როცა ნათურებს ოთახები გამოისხამენ,
ის გაშლის ბანქოს, უდროობით კვდება საათი
და ვერ თენდება და იგივე დუბლში ჩარჩენილ
დროს იმეორებს პასიანსი და მასლაათი. 

No comments:

Post a Comment