Tuesday, March 25, 2014

მხატვარი ***საშა გველესიანი***

გამოვიგონებ სხვა ცხოვრებას
ალბათ ახლიდან,
ეკლიან გზაზე ფეხშიშველი
ვივლი მუნჯივით,
მათხოვარივით გამომაგდეს
სხვისი სახლიდან,
მოგონებებით და ტკივილით
სავსე ხურჯინით.
ვცხოვრობ ოთახში, სადაც კვნესის
ვიღაცა ჩუმად
და ჰგავს მოშლილი მერცხლის ბუდე
დაწყვეტილ ნერვებს,
სადაც სიცივე, აფთარივით
დაგღეჭავს უმად,
შიშნარევ ფიქრებს უმწეობა
სადაც აბევრებს.
პირქუშ კედლებზე გაყინული
ვხატავ სამოთხეს,
ამბოხებული სული მკერდში
ძლივსღა ეტევა,
ბაც სინათლეზე სიბნელიდან
თავი ამოყვეს,
ძველი ავეჯის დამტვერილმა
სიულეტებმა.
შტრიხებით ვცდილობ, მივახატო
რისხვა მაცხოვარს,
ბედზე გამწყრალი, ფუნჯს ჯიუტად
ვუსვამ ტაატით,
დრო გაჩერდა და აღარ ვზომავ
დღეებს ნათხოვარს,
ეჩვევა დუმილს ძველისძველი
კედლის საათი.
მინდა, სარკმელი გავაღო და
ფრთები გავშალო,
კედლებიც უნდა დაიქცეს და
მოეღოს ბოლო
და მაღლა მზისკენ გავუყვები,
როგორც ფათალო,
ამას სხეულის შემოძარცვა
სჭირდება მხოლოდ.
ხვალ დილით, იქნებ, განმკითხველი
შეხვდეს მათხოვარს,
უკან, სახლისკენ, ფეხშიშველი
გაივლის იმ გზებს,
ვხატავ სამოთხეს და ადამზე
გამწყრალ მაცხოვარს...
ის კი ჯიუტად, იდუმალი
ღიმილით მიმზერს.

No comments:

Post a Comment