Wednesday, March 12, 2014

*** კატო ჯავახიშვილი

კვდებიან. კვდებიან გულაღმა. გულაღმა კვდებიან შვილები. წასვლამდე
ისეთი შორია, ისეთი შორია წასვლამდე საკუთარ თავთანაც მარცხდები. ერთხელაც
ქუჩაში ქალაქი გაივლის და შვილის თვალები ექნება ერთხელაც. წამწამით
ყველას და ყველაფერს დამალავ, ყველას და ყველაფერს იგონებ და მერე გახელა
თვალების ისეთი ძნელია, ვერაფრით ამოგაქვს მზეები მზერიდან. ფეხები
თავისით მიდიან, თავისით მიდიან ფეხები ქუჩებში. ბნელა და რატომღაც
არ იცი, რა უფრო ძნელია, რა უფრო ძნელია არ იცი, რაც გკლავს, თუ გეხება
მიდიან, დღეები, თვეები, წლები და წვიმაში უცნობი მასავით გატოპავს.
წასვლამდე. აქ უნდა გეღვიძოს, აქ უნდა გეღვიძოს წასვლამდე. ადგე და ლოდინით
დაჩრჩილულ გაზაფხულს გადასცდე. სამოსი გაკიდო მზეზე და ..თითქოს და არც იცი
რა უფრო სწორია, ზღვასავით მოიქცე, თუ წვეთ-წვეთ წვიმაში დასრულდე. იდინე
სადამდეც გზებია. სადამდეც გზებია იდინე. იდინე. ერთხელ რომ წაიქცე.
ქალაქში ორმხრივი ქარია. ორპირი ქარების სეზონი. წვიმა და დილიდან
სახეზე ნაოჭი წაშალე. სიკვდილი წაშალე, წაშალე სახიდან. იცინე
ხმამაღლა იცინე, ცრემლებით იცინე, რომ ყველას შეშლილი ეგონო. სადილად -
საქონლის კატლეტი გარნირით და ჭიქა კომპოტი ალუბლის. ქალაქში აცივდა.
ერთხელაც თვალები გაცვდება და მლაშე სვეტებთან დარჩები. ოთახში. უცებ და
თოკიდან დაჩრჩილულს ჩამოხსნი სარეცხს და გაივლი. ცარიელ ქუჩაზე გადახვალ.
გზებია. ქალაქი გაივლის, ქალაქი გაივლის და შვილის თვალები გეცნობა.
კვდებიან. კვდებიან გულაღმა. გულაღმა კვდებიან შვილები.
ხანდახან.
(დ...ს)

No comments:

Post a Comment