Wednesday, September 18, 2013

ირინოლა მეიფარიანო ***თამო ჯაფარიძე***

ჰეი,  ირინოლა  მეიფარიანო,
ენგურს მოჰყოლიხარ და სველდები სევდებით,
მონაპირე  ქვებით,   მდინარეზე
შესეული ჭრელი ფოთლებით...
გახსენი კალთაბროლები - დედის სანთელხელებით,
გადამაწვინე  მკლავებზე - ფიქრის ბორანზე,
ღამის ყორანი - შიშის ქვაზეგანი გამინათე,
დაუძახე მხედრებს - ტყეში შეხიზნულ მწვანე ყაჩაღებს,-
ნაძვის დევბიჭებს, ცაში ნამეხარ ქუხილებს...
წვიმის წუხილებს  უმღერე ძველი სიმღერა, უმღერე!
დაჰკარ  ირინოლა,  ძველი  სისხლკალამი,
დაწერე, დაწერე,-  ჩიტბუდეებში ჩანერგე  იმედები,
გადაუფრინე კოშკების სათოფურებს,
ხელისგულები  აავსე თაფლით,
აქ ხომ ყოველთვის ღმერთი გადმოდის მაღლით!

ჰეი, ირინოლა მეიფარიანო!
განფინე მოწაფის შავი წინსაფარი, გაშალე მძიმე თმები და
უავდრო წელთა ატლასები...
ღამეათასები მოიხმე და დამასიზმრე სიცხადის სიზმრები,
ირმებით მოქარგული ხალიჩები,
სიცხით გათანგული ოქროს ბალიშები,
წამაკითხე  ლურჯი მელნის წერილები,
გეფიცები ვიქნები მომთმენი და დამჯერი, ოღონდ
გაცხადდი და განათდი...  აბრიალდი  და კოცონად  მაქციე!

ჰეი,  ირინოლა მეიფარიანო!
მომიყვანე ჩემი დობილები, - კეთილი მეათეკლასელები,-
დამფრთხალი ბეღურები და ხელჩანთებში გულის წამლების ნაცვლად
ჩაუყარე  მზეჭრელა ყელსაბამები და ბროწეულის ტუჩსაცხები,
ცისნატეხა სარკეები და უმისამართო ბარათები...
სხვა არაფერი...  არც დაგვცდება აუგი რამე...
აუშვი ღამე - შავი ავაზა, ჩარაზე პირღია მიწის კარები,
გახსენი ზეცა - ლურჯ მინდორზე შეფენილი თეთრი კრავებით!

ჰეი,  ირინოლა მეიფარიანო!
ფიქრდები, ფითრდები, ქვავდები და ჭკნები,
დღეები - ლაჩრები მოგდევენ ხავსებით,
ავსებდი დოქებს და წყალს მთებში დასდევდი, ასმევდი
ლექსებს შარბათებს, აბნევდი...
არწევდი ღრუბლების მაღალ საქანელებს
და დროის კამათელებს არასდროს არ  ცნობდი;
ამბობდი,  ამბობდი...
გარბოდი, გარბოდი, გარბოდი!

ჰეი,  დედაბერო!
ჰაი, „სი ხოლა!“ სხვაგვარო  ირინოლა!
ადევნებიხარ  ჩამტყდარ ხიდებზე გარბენილ აპრილებს,
ატირებ ლექსებს და ჭუნირსაც ატირებ...
ან რაღას აპირებ, დადექ, დაოკდი, გახედე ნამდვილებს-
კოშკებზე ბზარები, ქვებზე ქალები...
ადექ  დედაბერო,  აკეცე დილა, დაბერტყე სიზმარი,
მოქსოვე  სათბილო, მოგადგა ზამთარი....
კართან დგას  აფთარი, - ნამდვილი სათქმელით...
პური და სასმელი  ხელებზე მოიბი,
შეჩერდი, იმ მინდვრებს შენ ვეღარ მოივლი!
ყოილი დააგდე,  დაკემსე ბალახი, არ გიცნობს არავინ,
სხვა არი მთავარი!

ჰაი, დედაბერო!
მოისხი თავშალი, ძვლებს ხმა რომ ჩაუდგა  არ არი ხარხარი,
ვინაა მართალი, ჯერ ისევ არ იცი,
ჰაი, შე კერკეტო, გგონია დაიცდი...
წლების ჯირითებს ვერ შეაჩერებ,
ჰო,  ვეღარ მაჩვენებ აპრილის ფანჯრებს...
და ვიდრე გამჩენს უსტარი ხელში აქვს,
გერჩიოს დადევი სალექსო კალამი,
დაწერე ანდერძი,-
და ირინოლას,  უმზითვე სამზითვო -
საშენო ნამდვილი
სვანური ამბავი...

No comments:

Post a Comment