Friday, April 19, 2013

აგვისტო 2008 ***თამო ჯაფარიძე***


იყოს ნამდვილი სინამდვილე, როგორიც ღმერთი...
თეთნულდის ძირში სახლი გვედგას, მაჩუბის გვერდით,
იალაღებზე გვყავდეს ხარები,
შვილებს ათივეს ჰქონდეთ შენი ლურჯი თვალები....
სამას მეათე არაგველის დედა ვიყო, მოშურნეც მყავდეს...
სწვავდეთ მამული, დედულეთი, ცოლები ჰყავდეთ,
სოფლის ბოლოში გვედგას წისქვილი,-
ერთგულებას ფქვადეს და ფქვავდეს...
ბუხარი ენთოს, სახურავზე ცეკვავდეს კვამლი,
თვალი მეჭიროს ჭიშკრისაკენ და ჩემი კალთა
სავსე იყოს წიწილების წიავ- წიავით...
ქროდეს ნიავი, ბალახებს ვწნავდე,  
ენგურის წყალით ვზელდე მალამოს,
საქართველოს მოჭრილ მხრებზე  წამლად ვაფენდეთ,
კოდორის კართან კარავს შლიდე, ელოდე შვილებს,
მღეროდნენ ლილეს, ბრუნდებოდნენ,  გულში იკრავდე,
სამასმეათე არაგველის მამა იყო, გქონდეს სიმართლე....
ისე გიყვარდე, სამყაროს ცვლიდე....
...და  ტაბლას ვშლიდე, ჯვრებიანი ცხელი პურებით,
ყველა  შინ მყავდეთ, გული  გულობდეს,
კარებს აღებდე და  ჩვენს  სახლში
ღმერთი  სტუმრობდეს...

2008 წ. სვანეთი.

No comments:

Post a Comment