Thursday, January 27, 2011

ბინდის ფერო... **ლელა ცუცქირიძე**

                                                (თეთრი ფარა, თენგიზ მირზაშვილი)


აჰა, მოგლიე, ბინდის ფერო,
ვდგავარ სამანთან.
რაღა უნდა ვთქვა…
რამდენჯერ იყო, უდროო დროს ღამე დაანთე,
კუდიანი ვარსკვლავების ჭიაკოკონა გააჩაღე
და ჩიტებად გადაქცეულ ჩემიანებს
დაუწვი ფრთები…
ვერც მოვასწარი, რომ მეყვირა:
არული–მეთქი კუდიანებს,
არული–მეთქი...

რას ვაკეთებდი?  არც არაფერს.
სატრფო ვიყავი  –
კირით ნაგებ კოშკში ვიჯექ და
მოვის წითელ, შვიდღილიან პერანგს ვკერავდი.
და ვიყავი  –
ძმის ჭრილობაში   ბალახის ბღუჯად ვეფინებოდი.
ცოლი ვიყავი –
ჩემი კარგი ქმრის სასთუმალთან
სანთლად ვდნებოდი.
ქვრივი ვიყავი –
ყველა ობოლის კვერს ვაცხობდი
და თალხ კაბაში რძია–რძიასფერ სხეულს ვკუჭავდი.
ბერდედაც ვიყავ –
ადგილის დედად გადაქცეული…

ასე ვიარე…
გზებს ვკეცავდი და ისევ ვშლიდი,
ხანაც საბრალო დედაბრისას ყანასა ვმკიდი,
ჭინჭველს ვაცლიდი ალვის ხეებს,  მორევს ვხაპავდი,
მარტოდდარჩენილთ ვუცელავდი ჯავრის სათიბებს,

და ჰა, მოვედი შენს სამანთან,
შე ბინდის ფერო,
რაღა უნდა ვთქვა…
ერთი იმდენი,
ჩემიანების საფლავებზე – მადლის ქვებზე 
ბროწეულები მახარებინე,
რომ ყვავილებით გაგარიჟრაჟონ...

ჩემთვის აღარ,
მე – სიპი ქვა, უკვე გავლიე,
შვილებისათვის,
ბინდის ფერო,  წუთისოფელო…

1 comment: