Tuesday, September 6, 2011

ისევ ქარებს მინდა ავედევნო **თამაზ მეტრეველი**


ისევ მომენატრა გრიგალები,
ისევ ქარებს მინდა ავედევნო,
ისე მომიქაჩავს სიგარეტი,
თუ მეც ჩავიფერფლე, არ მეძებო!
აქ რა დამრჩენია დასარჩენი,
ჰოდა, ზეცისაკენ მივიჩქარი;
ჩემი მოედანი ასაფრენი!
თეთრი კედლებია ციხისანი!!!
მინდა არწივებთან მეგობრობა,
ჰოდა, გთხოვთ, არავინ შემაჩეროთ!
ჩემი გაძარცვული შემოდგომა,
მაინც დასჭირდება საქართველოს!
ისევ მეძახიან უფსკრულები,
ხეობებს ზვავებად გადავუვლი...
შენთან სიყვარულზე ვჩურჩულებდი,
აქ კი სიგიჟეა სასწაული...!
ისეც ყველაფერი ჩავლილია,
მგონი გრიგალებსაც გავასწარი;
ზეცამდე სულ ცოტა მანძილია,
მხოლოდ სიკვდილია სანახავი!

No comments:

Post a Comment