Sunday, July 3, 2011

უგზოდ, უკვალოდ - /ლელა ცუცქირიძე/ ♥ ნახატი თინათინ ჭუმბურიძისა ♥

შუაღამისას
მზეს ვაკრავდი “იავნანას” ჩუმი ღიღინით
გაღვივებული ვარსკვლავებით სავსე თონეში,
რომ რიჟრაჟისკენ,
დაბრაწული მზის სურნელით გაბრუებულს გაგღვიძებოდა.
ახელდი თვალებს -ვადკაჭაჭებს და ტიტინებდი,
მერე მთელი დღე მზეს იხუტებდი ორივე ხელით,
ჩიტებს უყოფდი და აპურებდი.

მას შემდეგ ისე დიდი ხანია...
მზეს ახლაც ვაკრავ “იავნანას” ჩუმი ღიღინით
გაღვივებული ვარსკვლავებით სავსე თონეში,
მზე არ ამოდის, მზე ვარდება კუტი პურივით.
მე მაინც ვაკრავ.
მოთმინებით, ჯიუტად ვაკრავ.

ტყუილი იყო მამაშენის მზეჭაბუკად ზღაპრებში წასვლა!
ტყუილი იყო საწოვარა, წყალ–წყალა სუფი!
ბიძებისგან ნაჩუქარი თოფი, დამბაჩა!
ტყუილი იყო ომობანა!
გამარჯვების ყიჟინა! ტაში!
მართალი–მხოლოდ გულის ფეთქვა და სიყვარული-
თოთო მაჯაზე ძაფით შებმული ვერცხლის ეჟვანი...

...შუაღამისას მზეს ვაკრავდი "იავნანას" ჩუმი ღიღინით,
ზღვაში ვხნავდი, ზღვაში ვთესავდი ცერცვის მარცვლებს:
სითბოს, სიკეთეს, სათნოებას, იმედს, სიხარულს...
არცრა მიჭირდა, გვერდით მყავდი: ცელქი ბიჟინა,
მოწყურებულს ზღვას გასმევდი პაწია კოვზით,
ზღვა გაილია, მიწა გამოჩნდა და მიწაზე:

დანარცხებული, თავწაწყვეტილი მკვდარი ჩიტი,
გადამსხვრეული ლითონის ფრთებით,
სხეულიდან გამოჟონილი ვაებით, კვნესით...
ვერ მოგისწარი!
მზეს ვაკრავდი "იავნანას" ჩუმი ღიღინით,
ვხნავდი, ვთესავდი.

ხომ არ მემდური?
ხომ არ გცივა?
ხომ არ გეტკინა ან ხომ არ გშია?
გიჩხარუნებენ ბროწეულები ჩემს მაგივრად
წითელ–წითელ საჩხარუნოებს?!

მას შემდეგ ისე დიდი ხანია...
ჩამოიმარცვლა წელიწადების კრიალოსანი–დედის ლოცვანით.
ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით, ჩუმი ლოდინით...
გიახლოვდები,
ისევ მესმის შენი მაჯიდან ვერცხლის ეჟვნის სუსტი წკარუნი,
ჩემსკენ იარე,
არ შეგეშინდეს ბილიკებზე მოდებული შამბის და გვიმრის,
ჩემი სხეული, ჩემი სული მოგიპნიე ფურცელ–ფურცელ
და გამოყევი, რომ
მზე ჩაგიკრა "იავნანას" ჩუმი ღიღინით
გაღვივებული ვარსკვლავებით სავსე თონეში.

1 comment: