Tuesday, May 10, 2011

მუზას! **ლევან ქერდიყოშვილი**


რას მოეხეტე! მიხირდები მთვრალი კაცივით,
ხან ჩამბუტბუტებ მკითხავივით ბრმა ფრაზებს ყურში,
ხან დამხარხარებ, მეძგერები ხანაც მხეცივით,
ხან მაიძულებ, რომ ვიპოვო სიმართლე ცრუში.

მუზა არადა... მეზარება ახლა კამათი,
წადი, დამტოვე უფიქრებელ ფიქრებთან მარტო.
როგორ გათრიე, გაგეყარე, გადამიყვარდი
და მაინც ხშირად თავხედურად ბრუნდები რატომ?!

ვინ დაგიძახა? ქვეცნობიერ ციხეში ჩაგსვი
და შენ კი მაინც ძილ-ღვიძილის გალავნებს ამტვრევ.
მაღიზიანებ... ნიჭი არა... სასაცილოა!
ხშირად ბოლო დროს უადგილო ბოდვებსაც გამჩნევ!

ფუუ.. რა რითმები.. გადაყარე ფორმების ხევში!
თუ გინდა ხარშე სასიზმრეთში ნაპოვნი მძორი...
თავს ნუ მატკიებ, გამიყუჩდი, მაცალე ტკბობა -
მსუბუქ სიცოცხლით - სხვათაშორის არა მაქვს ორი...

რას იწყევლები, რას შემიჩნდი, რას მემართლები?!
სად დაიბადე, ვინ გაგზარდა ასეთი ურჩი?!..
უკვე რამდენჯერ დაგითმე და ვერ მოგიშორე,
რას მაცოდვილებ, ჩემს წვალებას რით ვეღარ მორჩი...

...........................

ჰო  კაი, მიდი, გაიხდე კოჭამდე კაბა
უთქმელობების, უკნასკნელს გაჩუქებ ღამეს...
ამახრიალე საწყალობლად და მერე წადი
და ნურასოდეს გამახსენებ ამ გარყვნილ წამებს,
რომ გავთავხედდი, წამაქეზე ვნებებით მთვრალი,
დამაწყებინე კაბადონზე ლექსებად ფეთქვა,
დამაფქვევინე და მაბოდე ამბები ჩემი -
რაც უნდა მეთქვა და... რატომღაც არც უნდა მეთქვა!...

...............................

რას მოეხეტე! ხარხარებენ უფხო სიტყვებზე
და გულზე მფხაჭნის სიბრაზის და ეჭვების ნემსი...
რა ძალა მადგა, უკვე ვნანობ რომ დაგიჯერე,
ვინ რას გაიგებს ეს სამყარო ვის როგორ ესმის?!

10 მაისი. 2011წელი.
თბილისი, ღამე.

1 comment: