Tuesday, December 18, 2012

*** ნინი ელიაშვილი


მე შევეჩვიე დაფიქრებას.. შენი სიოდან
ახლა მსუბუქი სინანულით გული მევსება..
და უკვე ვხედავ, გამომადგა ის, რაც მტკიოდა,
გადავაქციე თეთრ ფურცლებზე მბორგავ ლექსებად..

დღეს უფრო საღად შემიძლია, გავმართო აზრიც.
თუმცა წარსული პატარაა, ისე გავწელე..
ჩემში სხვის მიმართ სიძულვილი რომ დღემდე არ ზის,
შენც მიხვდებოდი.. ამჩნევიათ ზედ ჩემს ნაწერებს..

არ მიცხოვრია ბედნიერად, დღეს როგორც ვამჩნევ,
თუმცა წინ არის ჯერ ცხოვრების ალბათ ბილიკი..
და სხვა გზა არ მაქვს, უეჭველად აქ უნდა დავრჩე,
მკაცრ მზერის მიღმა დაბნეული ჩემი მიმიკით..

ხელში შემაჭკნა გაცვეთილი დღეების კონა
და თავს ვიტყუებ, რომ კარგად ვარ, დამშვიდდეს სული..
შენზე ფიქრებმა ყველა ფიქრი თუ გადაწონა,
მაშ რად გამიხდა სანატრელი მე დასასრული??

ყოველდღე ვიტან დამარცხებას..  შენი სიოდან
სიცოცხლე მოდის და მევსება ლექსები მისით..
მე სინანული არასოდეს გამომდიოდა,
ამიტომ არ ვარ, ღმერთო, შენი წამების ღირსი!

თოვლმა გამახსენა (ბარბარობა) **ნუციკო დეკანოზიშვილი**

თოვლმა გამახსენა
ანათემა -
რუხი, ფიფქიანი
ყელსახვევი.
მოკლე ნაბიჯების
გამართლება -
შენ და ჩემი ქუჩის 

შესახვევი.
ხესთან მოხამხამე
ლამპიონი.
ტოტის ნამთვრალევი
რევერანსი
თოვლი -
პოეტური რაციონი,
სველი თითები და
„მერე რა“-თი
ცრემლის სიცივეზე
დაბრალება
თმაზე მოთოვლილი
ზამთრის მესა.
ვნებით არეული
ბარბარობა
თოვლმა გამახსენა
ბარდნის დღესაც......

Thursday, December 13, 2012

თითქოს არასოდეს არ ვყოფილვართ.. **ნინი ელიაშვილი**



თითქოს არასოდეს მიცხოვრია,
ისე შემაშინა ლაბირინთმა..
სხვისით დაწყებული ისტორია
ბოლოს სიმარტოვემ გამირითმა..

ფიქრი ფიქრს რომ საღად შევაჯახეთ,
მერე ლამის ფრთები გამომესხა..
ალბათ მისწრებაა ჯოჯოხეთი,
ჩემთვის გამოგონილ სამოთხესთან..

ღმერთმაც არ იცის და მე რა გითხრა,
რად მაქვს სუნთქვა ყელში ამოსული??
მზეში ამოსვრილი მწერალი ხარ,
მე კი მელექსე ვარ მარტოსული..

თითქოს შენც არასდროს არ ყოფილხარ..
მაინც უსასრულოდ მტკივა ნიჭი..
ნიჭი, რომლის ხელშიც ნაყოფი ხარ..
მაგრამ რა უნიჭოდ მოაბიჯე

ჩემთან და უნიჭო ერთგულებით
უკვე დავემსგავსეთ ყველა მოკვდავს..
ქვეყნად სხვას არავის ვეგულებით,
ჩვენ ხომ ერთმანეთი ციდან მოგვყვა..

თითქოს არასოდეს მიცხოვრია..
თითქოს შენც არასდროს არ ყოფილხარ..
ისევ მეორდება ისტორია..
ისევ აკრძალული ნაყოფი ხარ...

Thursday, November 29, 2012

მიწა **ნინი ელიაშვილი**



რომელი გულით მიყვარდეს მიწა?
რომელი ცრემლით დავნამო იგი?
გულით, რომელიც ქვად გადაიქცა?
ცრემლით, რომელზეც სუყველა ირგვლივ
ღიმილს იმრავლებს? დღეს უკვე მარტო
ვცდილობ, სიმართლე აღარ წამომცდეს.
მინდა, რომ ვინმემ მეც განმიმარტოს,
როგორ გავართვა თავი გამოცდებს..
შეუნიღბავად მინდა დანახვა,
თუნდაც ვუყურო მხოლოდ სიავეს!
ჩემი ოცნება ბრბომ რომ დამარხა
და მეგობრებმა რომ ჩამიარეს
საათებივით.. მერე ამიხსნეს
ამის მიზეზი - ჩემი სიცივე..
ვერ მივაწვდინე თვალი სამიზნეს
და თავი ვეღარ გადავირჩინე.
მაგრამ და მაინც სიტყვა აშლილი
არ ვეგუები განაჩენს, ურჩი..
ცოდვებით სავსე დამდევს თან ჩრდილი
და შიშით სხვასაც ვერაფერს ვურჩევ..
გულით, რომელიც ქვად გადაიქცა,
ცრემლით, რომელიც ღიმილს გვრის ყველას,
მე წვიმებივით დავნამე მიწა..
მიწა, რომელიც დღეს ითხოვს შველას...

Wednesday, November 14, 2012

*** ნინო ალადაშვილი***


თუკი ჩემს სიტყვებს 
შეუძლიათ, 
შეგასხან ფრთები,
თუკი ჩემს ლექსებს
ძალა აქვთ, რომ

გაქციონ ჩიტად,
შემისვი ფრთებზე,
მომატარე
მოლურჯო მთები
და მერე სადმე
გადამკარგე
მტრედისფერ ნისლად.

Wednesday, October 24, 2012

ასეთ ამინდებში ***ნუციკო დეკანოზიშვილი***

ასეთ ამინდებში (როცა შემოდგომა
წვება ფარდაგებად) მხიბლავს აზრთაწყობა,
რომ უნდა ვაბრალო ნაღველი ამინდებს
და ლოიალური სექტემბრის განწყობა
შიშების სამიზნედ
გავხადო...
ჩავიცვა ქურთუკი (თუმცა, ჯერ არ ცივა),
ჩავიწყო ხელები აბსურდის ჯიბეში
და ასე დაცული სიმშვიდის გრაცია
კოლბებით დავაწყო თაროზე-

-სინჯებში...
ასეთ ამინდებში (თუმცა, ჯერ არ ცივა)
მიჩნდება მიზეზი ოთახის გარდაქმნის
გარემოს ფანტომად...ვზივარ და განწყობას
ამინდებს ვაბრალებ...
ქარები ბარბაცით
(მთვრალი კაცებივით)
მიმტვრევენ დარაბებს...
ალიბი გავრანდე-
-მჭირს მელანქოლია
უწამლო რეცეპტით...
დამშვიდდით, ქარებო!-
-გიკვეთავთ ფოთლებს შე-
-მოდგომის... დამხურეთ...
რეპეტე!
ტაშს ვუკრავ მინასთან-
-წვიმებმა მოაწყვეს
წვეთის სიმფონია
აივნის რიკულზე
და ჩემი ოთახი
კლდის თავშესაფარი
მგონია...
მერე, დეკემბერი
ზამთრის აგონიას
დამმართებს-
თოვლიან ქუჩებში
ღიმილით
სულს რომ ძლივს
დავათრევ...
ასეთ ამინდებში ვწერ-
-უამინდობის ალიბი
გავრანდე...

Wednesday, October 17, 2012

შენა ხარ ჟანგბადი... ***ცირა ბარბაქაძე***


შენა ხარ ჟანგბადი
და ყოველწამს ჩემს ფილტვებში მოგზაურობ,
შენა ხარ მოგზაური,
შენ გიყვარს დაბრუნება...
გამუდმებულად გადიხარ-ბრუნდები,
როგორც ჟანგბადი ჩემს ფილტვებში.
ვერ დავხატე შენი სახე _
ვერ გაქციე ქრისტედ (ჯვარცმისგან გიცავ),
მით უფრო, _  კერპად (არ მინდა, დაგამსხვრიონ),
არა ხარ ავთანდილ-ტარიელი და
და არ ცხოვრობ დაწერილ წიგნებში...
არ ვქმნი შენგან ზღაპარს: იყო და არა იყო რა...
არ ვეძებ სიბრძნეებს... (შენთან ყველაზე სულელი ვარ),
მუზის სამოსიც ვერ მოგარგე (ძალიან ცალმხრივები არიან მუზები),
ვერ გქმნი...
შენ, უბრალოდ, ხარ ჟანგბადი ჩემს ფილტვებში
და როცა ჩაგისუნთქავ,
მინდა, მზის სხივებს ვეთამაშო...

25.08.2012