Thursday, March 31, 2011

‎* * * შენი სიყვარულის ზღვა ** ცირა ბარბაქაძე**

შენი სიყვარულის ზღვა
ზედაპირზე არ იზომება...
მხოლოდ მსუბუქი საგნები ტივტივებენ ტალღებზე.

მე კი იქ ჩავყვინთე,
საიდანაც შენც ვეღარ გხედავ,
მაგრამ ვიცი _
მაინც შენში ვარ...
იქ, სადაც სხეულები ირღვევიან
და ზღვები გადმოდიან ნაპირებიდან...

ჩვენ, სამყაროსგან გადამალულები,
ფერად კენჭებს დავეძებთ ფსკერზე
და მერე ვაწყობთ სიყვარულის ფერად მოზაიკას
სამყაროში, რომელიც
არსად არ არსებობს...

Wednesday, March 30, 2011

დრამა სულ მოქმედებად **ლევან ქერდიყოშილი**


მიწის ქვეშ მე,
მიწაზე ქვა,
ქვის თავზე მზე
და მზის ქვეშ სხვა.
იმ სხვასაც სხვა
ფიქრების ზღვა,
იმ სხვასაც სხვა
ცხოვრების გზა.
და ბოლოს სხვაც
იქ სადაც მე,
ზევიდან ქვა,
ქვის თავზე მზე.
(სხვამ უკვე თქვა)
დღეს მისდევს დღე,
მე უკვე სხვა,
სხვა უკვე მე...
.......
მე–სხვა.
მზე–ზღვა.
დღე–ქვა
ანუ
სხვა მე,
ზღვა მზე,
ქვა დღე
ერთი გზა და მიწა.
.......
იწამეთ!!!

13 თებერვალი. 2011წელი.
ბობნევი. ღამე.

Sunday, March 27, 2011

ჩემი მუზა **ცირა ბარბაქაძე **

ჩემი მუზა დუმილს ირჩევს,
როცა მე სიტყვების მდინარედ ვიბადები...
ჩემი მუზა ჯებირია,
როცა ნაპირებს ვტოვებ...
ჩემი მუზა კალაპოტს მიცვლის,
როცა მბეზრდება ერთი გზით სიარული
და ერთსა და იმავე ქვებზე ბორძიკი...

მე რომ ვტირი, ის იცინის....
მე რომ ვიცინი, ის ტირის...
ჩემი მუზა აშენებს, მე როცა ვანგრევ...
და ანგრევს, როცა ვიწყებ შენებას!

ჩემი მუზა მუდამ ჩემ საპირისპირო მხარესაა
და ჩვენ ვართ, როგორც:
თეთრი და შავი,
დღე და ღამე,
ცა და მიწა,
ძაღლი და კატა....

ჩემი მუზა ახლა დუმს,
რადგან მე ვლაპარაკობ..

Monday, March 21, 2011

ცირა ბარბაქაძე _ შესავალი წიგნისთვის _ ”უცხოქალაქი”


მოდი, ამ წიგნს ღიას დავტოვებ,
”უცხოქალაქი” დავარქვით მაინც,
საზღვრები რომ დაკარგა...
და ასეთი ქალაქი როგორ გამოვკეტო წიგნში...?

მოდი, ეს ქალაქი ღია იყოს ყველასთვის _
ვისაც უნდა შემოვიდეს და ვისაც უნდა გავიდეს...
ვისაც უნდა, დარჩეს და იცხოვროს!
დღეიდან ავტორი ძალას ჰკარგავს...
პერსონაჟები კი ძლიერდებიან...

შენ, ვინც ამ სტრიქონებში ჩაგასახლე,
ამ ქალაქის განმგებელი ხარ...
გინდ დაიცავი... გინდ დატოვე და
გინდ _ გადაწვი...
მაგრამ გახსოვდეს: უცხოქალაქი
შენთვის შეიქმნა...
და ვინა თქვა, რომ ის უფრო რეალური არ არის,
ვიდრე ათასი მტვრით ნაგები ქალაქი,
საზღვარშემოვლებული...?
სიტყვებში მეტი ცემენტია...
ის  აერთებს და ადუღაბებს...
მისი საზღვრებიც(უსაზღვრობა) უფრო მყარია...

ვიღაცას იმის სჯერა,
რასაც შეზღუდული მხედველობით ხედავს...
მე იმის უფრო მჯერა, რაც უხილავია...
უფრო სწორად, ხილვადია, მაგრამ არა ყველასთვის!

ჰო და, ღიაა უცხოქალაქი _
აქ დრო არ არის... აქ იკარგებიან...
ახლა მეც მეკარგება სიტყვები...
ასეთია ამ ქალაქის წესი:
შენც... მოემზადე დაკარგვისთვის!

24.02. 2011.

Monday, March 7, 2011

ერთი დღე იყო… ***ლელა ცუცქირიძე***


ერთი დღე იყო სიკვდილამდე, 
სასაფლაოს რომ ჩავუარე.
 საღამოს ცა სულს ღაფავდა, დაისრული კვიპაროსებით.
წვეთავდა ნისლი.
ვფიქრობდი ჩემთვის:
რომელ საფლავს ანათებს მთვარე –
პურის ნატეხი ჩემი უფლის გამოწვდილ პეშვში
და რომელ საფლავს ანათებს მთვარე –
ოცდაათი მონეტა ვერცხლის.

ვფიქრობდი ასე,  მწუხარე მგზავრი:
მათარაში  ღვინო მისხია,
ჩამოვჯდები ერთ–ერთ საფლავზე,
მღვრიე ხავსის ქვეშ თითებით ვიგრძნობ ეპიტაფიას:
ვინ არის იგი, ვინ უყვარდა, რაზე ფიქრობდა…
ვინ არის იგი,  ვინც დაღლილმა და  შემცივნულმა 
სხეულზე მიწა  დაიყარა  და მიიძინა…
შენდობას ვეტყვი.

ვფიქრობდი ჩემთვის: უცნაურია.
ჩემგან მარჯვნივ –  შემოდგომაა,
ჩემგან მარცხნივ – გაზაფხული,
პირდაპირ წავალ – ზამთარია,
უკან   – ზაფხული და ყველგან,  ყველგან,  ოთხივ კუთხით,
რიალებენ  გარდაცვლილები,
ღმერთმა რომ სული შეუბერა,   
მოკიაფე ბაბუაწვერებად გადააქცია.
ისინი სდუმან.
მათი დუმილიც ოქროსავით კიაფობს ახლა.


ერთი დღე იყო სიკვდილამდე, სასაფლაოს რომ ჩავუარე.
ვფიქრობდი ჩემთვის, რაც აქამდე არ მიფიქრია:
ვცხოვრობდი ლხენით,
მოტირალებთან ვხარობდი და  მოხარულებთან,  ბოღმისაგან   მდიოდა ცრემლი.
ხეებსაც ვრგავდი, ვუვლიდი, ვრწყავდი და მეგონა,  მე ვიყავი მქმნელი ყველაფრის,
ვერ კი ვხვდებოდი,
ჩემს დარგულ ხეებს  ღმერთი ზრდიდა, 
ის ახარებდა.
მწვანე  ფოთლებსაც ის უქცევდა   თოთო  ბარტყებად,
აფრთიანებდა და ცად უშვებდა.

სასაფლაოსთან ჩავიარე.
საფლავის ქვებს  მივათრევდი, ვფიქრობდი ასე,
რომ საფლავები მიწაზე  არა,
ცოდვებისაგან გამრუდებულ ჩემს ხერხემალზე ამოზრდილი
მძიმე კუზია.
უნდა ვათრიო, ახია ჩემზე!  ეს მე ვარ მკვდარი!  
თუმცა დავდივარ…
მე არ ვიყავი? არავისთვის არასდროს მითქვამს:
ძმებო, ვატაროთ ერთიმეორის მძიმე ტვირთი,
შევეშველოთ ერთიმეორეს.

ვფიქრობდი ჩემთვის: 
ჩემი სხეული  ისე არის შეჭირხლული  უკეთური ზრახვით და საქმით,
წლებით, რომლებიც  სავსე იყო რისხვით და შუღლით,
გამყიფებულს რომც  შეეხოს  ღმერთის ხელი,
ჩამოიმსხვრევა  და მიწასაც ვერ შეერევა,
რომ ხელმეორედ აღმოცენდეს, მწვანე ბალახში იპოვოს შვება…
ვერ იქცევა იმად, რაც იყო.

ერთი დღე იყო სიკვდილამდე,
სასაფლაოს რომ ჩავუარე.
საღამოს ცა სულს ღაფავდა, დაისრული კვიპაროსებით,
ვფიქრობდი ჩემთვის:
მათარაში  ღვინო მისხია,
მოვძებნი საფლავს, ჩამოვჯდები,
მღვრიე ხავსის ქვეშ ხელის თითებით წავიკითხავ ეპიტაფიას,
უნდა ვთხოვო, მას ვისაც სძინავს  და  ჩემზე მეტად არის ცოცხალი,
მომიტევოს,  შენდობა მითხრას.
რომ ჩემი სული ფიჭვის კვარივით აციმციმდეს
და  უკუნეთი გამინათოს უფლის კალთისკენ.

ერთი დღე იყო სიკვდილამდე,
ვფიქრობდი ასე, მწუხარე მგზავრი…