Wednesday, January 4, 2012

*** იმედი ჯახუა



...მე ისე ადრე მოვედი,
ვერც შემამჩნიეს ბინდში...
- ნუთუ ასეა ყოველთვის:
- ადრე მოსული პოეტის
გზაც იბინდება შიშით?!.

...მე ისე ჩუმად მოვედი,
არც შერხევიათ ბეწვი...
- ნუთუ ასეა ყოველთვის:
- ჩუმად მოსული პოეტის
დამხვდური არის ეჭვი?!.

...მე ისე წრფელად მოვედი,
ო, შენთან ისე მსურდა!..
ნუთუ ასეა ყოველთვის:
- დამხვდური ყველა პოეტის
უგულობაა მუდამ?!.

- მე ისე მაინც ვერ წავალ,
ამ გულის ცეცხლ-ნაპერწკალმა
არ მოგანათოს გულთან!..

No comments:

Post a Comment