თუ სიკვდილი იყო, მაშინ უნდა მოგეკალი,
მდინარეს თავქვე რომ დავუყევი და
ამდენ წამოყოლილ შლამში, ხან ყელამდე ვეფლობოდი,
ხანაც გადაქცეულ ხეებს შორის ნაფოტივით ვეჩხირებოდი.
თუ სიცოცხლე იყო, მაშინ რად არ მაცოცხლე,
მოულოდნელი სიხარულებით ჟანგბადის ბალონივით რომ დამტენე,
და მწვერვალზე ასული კაცივით უჰაერობა მიხუთავდა სულს.
მამა ხარ ჩემი.
თავზე ბადრაგივით მადგახარ და
სიცხიან ტუჩებზე წვეთ-წვეთობით მასხამ იმ მლაშე მოლოდინს,
იმ ზღვის მოლოდინს,
მე რომ ვიხრჩობოდი და შენ რომ გამორბოდი.
მე რომ გეხრჩობოდი და შენ რომ მშველოდი.
მე რომ ვიხრჩობოდი და შენ რომ არ მტოვებდი.
ეხლა კი, წყალი მინდა და მარილს მალოკინებ.
ჩამომიგდე ჩემს ხაროში ის ფერხორციანი დღეები:
ნანადირევი ბარკალი,
მწიფე ღამეები,
სავსემთვარობის სიზმრები,
მოლოდინის წყალდიდობები,
ყველაფერი ერთად ჩამომიყარე,
ძვლები რად მინდა,
ძაღლი კი არა ვარ, ცარცის დღეები დავხრა.
გადამაძრე მიწა.
დამანახე ცა.
ნახე, როგორ ხაროში ვწევარ.
მიწა, ხან ტერფებს მიწვავს,
ხან - ჩამჩით მაჭმევს თავს
და ხელებს რომ მომხვევდი, ვხვდებოდი, როგორი ვიწროა სამყარო.
და ხელებს რომ მიშვებდი, ვიცოდი, უკანვე მიხმობდი, მალევე,
და ყველა ფურცელი, სავსეც და სათქმელიც მე უხმოდ დავყარე
და შენი ქვესკნელი, შენივე სიცოცხლის უძირო სამელნე -
სხეულით ვატარე.
მთელი ცხოვრება მოუთვინიერებელი ნადირივით გაგირბოდი,
ყველგან წინ მხვდებოდი და სისხლიან დრუნჩს ცივ სხეულზე რომ მოგადებდი,
ტკივილი უცებ მიყუჩდებოდა.
მეშინოდა და ისევ გავრბოდი.
მძულდი და საომრად შემართული გიბრუნდებოდი.
გამარჯვება მინდოდა და ვმარცხდებოდი.
მამა ხარ ჩემი.
თავზე ბადრაგივით მადგახარ და
შენი ცრემლების მარილს მალოკინებ.
ორივემ ვიცით, რომ ეს ხარო ცარიელია,
რადგან:
დილეგი - მე ვარ.
შენ კი - უბრალოდ ამ ყრუ კედლებს
ზურგით მიმაგრებ.
ჩემი სიცოცხლე მოგაბარე სიკვდილო,
-არ გამიავდრდე!..
No comments:
Post a Comment