Friday, January 13, 2012

ერთადერთი ♥ლია ასათიანი♥



მე კარგად მახსოვს,
ერთადერთი ხილი, რომელიც შენ გიყვარს -
არის ატამი, ისიც სათალი,
და, როცა, ჩემ მიერ ბუსუსშემოცლილ
და თხელ ნაჭრებად დათლილ ატამს 
ზანტად, მაგრამ ნებიერად შეექცევი
და გემოს ატან,
ეს არის ჩემთვის - ატმის აქტი,
დიდი სიყვარულის თანატოლი.
და როდესაც შენ მიდიხარ ისევ მოსვლამდე,
შენზე ფიქრს
ატმის ფერებში ვატარებ.
ვრეცხავ, ვამშრალებ, ვაცივებ,
ვძებნი უზადოს,
ულამაზეს ლანგარზე ვაწყობ,
შევხარი აწმყოს,
ირგვლივ ყველაფერს ვუსადაგებ
სახელს ა-ტა-მი,
ვუძებნი რითმებს
და ჩემი ცოდნის განჯინაში შემორჩენილ 
უცხოურ სიტყვებს
ატმის შესატყვის
ევფონიურ წყვილებად ვირჩევ:
რუსული ''პერსიკ'' მიგვანიშნებს თვითონ სპარსულზე,
მაგრამ სპარსულად რატომ ჩავთვალო,
თუკი ირანში ეძახიან ატამს ''შავთ ალუ?!"
''პეაჩსაც'' ალბათ,
როგორც გერმანულ სახელს ''ფირზიხი'',
ორაზროვნება უხერხული ახლავს, ვინც იცის,
სამაგიეროდ გერმანულივე: სულისთქმა - ''ატმენ''
თითქოს ყოველი წარმოთქმისას მზადაა დადნეს.
სხვამ შეიძლება იუცხოვოს ეს ასოციაცია,
მაგრამ ჩემთვის ხომ,
შენდამი ლტოლვამ,
ა ტ ა მ ი ნამდვილ მედიუმად აქცია.
ის გახდა ჩემი რიტუალი,
მეტიც -ტოტემი...
და გამუდმებით.
ოცნებაში,
როგორც ტოტები,
სხეულით დამაქვს,
ატმის ნაყოფით დახუნძლული,
რკალებივით გადრეკილი, 
მძიმე მკლავები, 
რათა მე ვიყო
იგი ქალი ერთადერთი, 
რომ გეყვარება.

No comments:

Post a Comment