Saturday, January 21, 2012

მე შენ მიყვარხარ ♥♥ ნიკო მიქაია ♥♥



მეათასეჯერ დაგწერე უკვე,
ათას მეერთდე გქმენ ნახატებად.
ახლა მუხლებზე სულ მარტოდ მარტო
ვდგავარ ეული ისევ ხატებთან.

ვდგავარ დაღლილი სიჩუმის მგზავრი,
მოსული შორით შენს სახლის კართან.
ვეძებ მასპინძელს, კარი გამიღოს,
მაგრამ სიცივე შენს დარაბასთან.

ჩამოუჯდები ვინმე მათხოვარს,
გულს გადაუშლი შენგან გახლეჩილს.
მერე დავისხამ ჭიქა კონიაკს,
დავლოცავ კვლავაც გრძნობას ჩაფერფლილს.

ვდგავარ, სიჩუმე მარტყია ირგვლივ,
ვფიქრობ ისევე ასჯერ ნაფიქრალს.
და მახსენდები წუთები როცა,
გრძნობამ სიცოცხლე გამინაპირა.

ბებერ ფურცლებზე მღვენთა ლექსებად,
ილუზიურად გქმნა ნახატებად.
ახლა დაღლილი ამ ყველაფრისგან,
ურცხვად მოვედი წმინდა ხატებთან.

მიყვარხარ ისევ, მახსოვხარ ისევ,
კვლავ ჩემში მეფობს შენი სახება.
ცოცხალ ანგელოზს ვამსგავსებ სახეს
და მეათასედ გაქცევ ხატებად.

ვდგავარ დაღლილი ცხოვრების მგზავრი,
თუმც აღარაფერს შენგან მოველი.
მოვედი კვლავაც შენს სახლის კართან
გზაარეული ერთი პოეტი.

ვდგავარ ეულად ჩვენს ქვაფენილზე,
შენით დაღონებულს სევდა მომერია.
მოდი, გამომხედე ფანჯრის დარაბიდან
და სულ შენი იყოს ჩემი პოეზია.

უბნის ლოთკაცი გამოჩნდა ვხედავ,
ვგრძნობ რომ დასალევს ისიც მოიტანს.
დაცლილი შენზე ემოციებით,
მძიმედ გადავკრავ ჭიქა კონიაკს.

გადავკრავ, ვიგრძნობ შენს სიყვარულს და
კელაპტარივით კვლავ ავენთები.
და ძველებურად კვლავ ათას ლექსად,
შენს ფანჯრის რაფას დავეღვენთები.

ამ ქვეყანაზე შენზე ძვირფასი,
მგონი მართლაც რომ არავინ არ მყავს.
გაგიმეორებ ათას მეერთედ,
ათასჯერ ნათქვამს: მე შენ მიყვარხარ.

No comments:

Post a Comment