Friday, January 27, 2012

ღამის სტუმარი **ვასო შონია **



ცაში უფრენია და მიწაზე უვლია,
აურჩევია ჩემი სასთუმალი:
"სიკვდილი ყველაზე დიდი ტყუილია!.."
მეჩურჩულება ღამის სტუმარი.
* * *
ჩაქრა მზე... მზერა აინთო...
მუსიკას ვსუნთქავ? -
სმენა მკარნახობს:
გულს და სულს შორის ხიდი გაიდო;
ცისარტყელების მესმის სიმღერა...
არა!.. მე ვმღერი!.. ფერები მე ვარ!..
სიო ვარ!.. ტალღა!.. ზღვა!.. გზა და ბგერა!..
ნაფიქრალს ვხედავ, ყველაფრის მჯერა;
ზღვამ ამაღელვა?!.. გზამ გამაგიჟა?!..
ცხელმა გრძნობებმა მცნეს თავის ნიშად,
მიწას მომტაცეს, მამოგზაურეს
და აღმაფრენამ შინ დამპატიჟა;
ვინა ვარ? სად ვარ? რა მელის ნეტა?
სხვაა ბგერები... ფერებიც სხვაა...
ცას დაკიდული ზეიმის ზღვა ვარ...
სხვა ვარ!.. სხვაგან ვარ!.. სხვა პლანეტაა!..
ჩემი სხეული ჩემს გარეთაა;
დღის ჰორიზონტი წააგავს სახეს,
ოქროს სხივებით ნახატის ნახევს...
ღამე ლურჯ ნისლში დანთებულ სანთელს;
გაშლილი! გაშლილი!  გ ა შ ლ ი ლ ი!
სიხარული და სევდა,
ადამიანის კვალიც კი წაშლილა,
ფერს ვისმენ, ბგერას ვხედავ...
და ვგრძნობ!.. ყველაფერს ერთად ვგრძნობ!..
ცეცხლივით ვიწვი, ზღვასავით ვღელავ...
უსახური ვარ - ვკეკლუცობ...
გრიგალში ვქუხვარ, დღის შუქზე ველავ;
სინათლე ბრმაო!.. სიცოცხლე მთვრალო!..
გარედან გხედავთ! თქვენს გვერდით ვდგევარ!
როგორ შევიყვარო?! როგორ შევიბრალო?!
მე ვარ სიყვარული!.. სიბრალულიც მე ვარ!..
ცრემლებს დავტირი, სიცილს ვუცინი...
მიწა ვარ! ცა ვარ! წყალი ვარ! მზე ვარ!
მუსიკა! მუსიკა! მუსიკა ქვაში!..
თბილი და ბასრი, ქვასავით მკვრივი,
მთელი არსებით აღმოვჩნდი თვალში...
მზერა ვარ!.. არა, ბგერა ვარ!..
მუსიკას ვხატავ!.. სინათლეს ვყვირი!..
ყოფიერების ბედისწერა ვარ!
ჰეი!.. თქვენ გემზე!.. ცოტა გაბედულად!..
რამ შეგაშინათ?! იმღერეთ რამე!
სანამ ჩვენს შორის ხიდად გადებულა
თქვენი დღეები და ჩემი ღამე;
მიზანი გაქრა, დაშრა ოცნება...
ჯადოსნურ ჯოხს ხომ სურვილი არ აქვს!..
კერპები იქცნენ უჩინარ მონებად,
წვეთს თუ ველტვოდი,
უკიდო ზღვა მაქვს;
ფიქრი ვარ! ქვა ვარ! სიცოცხლის ხე ვარ!
უკვდავებაზე გულაღმა ვწევარ!..
წარსულის შვილი მომავალს ვგევარ!..
სულიწმინდა ვარ! მამა ვარ! ძე ვარ!
არვინ არ ვარ და ყველას "მე" მე ვარ!..
მე ვარ!.. მე ვარ და!..
მზე აბრდღვიალდა...
მზერა კი ჩაქრა...
სუსტდება მუსიკა, მუსიკა დნება,
მარადისობა ერთ წამში გაქრა...
სიცოცხლე იწყება(?) სიცოცხლე კვდება(?)

ვიღაცა...
ვეღარ ვისვენებ... მოდის?
სადღაც რაღაცას ვიხსენებ...
მოდის!..
სინათლე მოდის!..
არ ვიცი საიდან, რატომ და როდის...
არ მახსოვს... რაღაცა დამავიწყდა...
მუსიკა!..
მუსიკა ლოდინად გადაიქცა...
ზღვა შეტოტმანდა, სამყარო წაიქცა...
დინება... ნება...
ფიქრია დაღლილი, სიზმარს ეძინება...
სიზმარს ეძინება... სიზმარს ეძინე...............
* * *
დღე გათენდება შემცვლელი ღამის,
გაიბნევიან წუთები გზებში...
და სხვა სტუმარი მარადი წამის
თავს იგრძნობს ღმერთად, ღმერთთან და ღმერთში;
ნაცნობი, უცნობი მკრთალი შეგრძნება...
ახალი, სუსტი სუნთქვა მეხსნება,
თბილი სიჩუმე გულში ჩამიკრავს
და დავიწყებას მუსიკა მიეცემა;
გავხდები ერთის... ოცის... სამოცის...
სიცოცხლე დროების სიმღერას დამიკრავს,
ახალი გზა და ახალი სამოსი
სმენას დამიხშობს, თვალებს ამიკრავს;
მორიგს დავიწყებ ათვლას ნულიდან,
გამოტყორცნილი ოცნების გულიდან -
მიზნის ბოლოდან მიზანის თავში,
თბილი ბინდიდან ცივ გარიჟრაჟში...
გუშინ   ფიქრივით თავისუფალი!..
აზრის მეუფე!.. გრძნობის უფალი!..
დღეს მე მონა ვარ ჩემივე თავის...
დღეს... ჩემი დაბადების დღე არის...

ღიმილში ჩაქსოვილი ფიქრები,
მელოდიებით ნაქარგი მზერა...
იყავი! ხარ და იქნები!..
შუბლზე წამაცხებს კოცნას სიტყვებად
ყოვლისმჭვრეტელი ბრმა ბედისწერა.
* * *
გასწიე ფარდა სტუმარო ღამის,
გამაღვიძე და მითხარი:
"სიზმარი პატარა სიკვდილი არის!..
სიკვდილი... დიდი სიზმარი!"

No comments:

Post a Comment