Wednesday, June 6, 2012

ემპათიის გარეშე ***სალი ბრეგვაძე***


შაბათის ლოცვებს აენთები ღმერთის თვალებად
და კოჭებამდე ქვედაბოლოს გრძნობას აურევ,
ნახავ სიყვარულს ოცნებები როგორ გაექცა,
აათამაშებ მხიარული, ყურზე საყურეს

და გადაიტან ყურადღებას, რაღათქმაუნდა
ისევ ყოფითი რეალური მყიფე დიდებით,
ვერ დამშვიდდები ასე უფრო და ჰა დასრულდა
ღმერთი შენს სულში, სულიერი შურისძიებით.

ყოფით მანტიად მოიფარებ ისევ ფიზიკურ
სილამაზიდან, დაბადებულ ცოდვის აჩრდილებს,
მოვა ოდესმე შენში სახე ოდნავ ლირიკულ
ბავშვის თვალებით და ცხოვრებას გაგიმაისებს.

მერე, აპრილის ქარებივით გული, გაგიმხელს
შენს სულში სევდას და არასდროს არ დანებდები,
ტაძარში ფიქრებს და ცხოვრების მსუბუქ მანიფესტს,
ისევ ჭიდილით შენს წიაღში გადაეყრები.

თავზე თავშალი რიდეა და მყიფე ცხოვრება
დროს აღარ კარგავ ზიარების ლოცვას ეცნობი,
აღარ გსურს მოცლა ტაძარში და აღარც მოცდენა,
პათეტიკაა ეს სურათი, გარდა შენდობის

ყველაფერია. სამწუხაროდ არც სინანული
მარხვა კი ზოგჯერ დასაცავი წესი გგონია,
შენს სულში ღმერთი უბრალო და ტრიუმფალური,
სანთლის წვეთივით მცირედია. ისევ მოდიან

შენში ფიქრები, ემპათიის გარეშე მნათი,
არა შენდობა, სინანულიც მხოლოდ მითია
ტაძრის ქვაფენილს ეტმასნება სიგრძელე კაბის,
მიუნდობლობის სამწუხაროდ შენში ნისლია.

რადგან თავშალი რიდეა და მყიფე ცხოვრება,
ტაძარში შესულს გიყურებ და ვერც კი გენდობი,
ასეთი მრწამსი ურჯულოა და ჰგავს მოცდენას,
ყველაფერია ეს სურათი, გარდა შენდობის

და ასეც  ხდება, ემბაზიდან უფალი გიმზერს,
შენ ღვთისმშობელში აღმოაჩენ ალბათ დედაშენს,
დამძიმებული, შეუნდობლად მიაღწევ მიზნებს,
სეფისკვერს შეჭამ და ცოდვილი მოსვამ ზედაშეს.

No comments:

Post a Comment