Monday, June 25, 2012

” გარმონზე სატირალ ” დევი დედაბრიშვილი


დანნავ,   ჩემად   რო  მყოლოდი,
რა  მშვიდად  მაგიკვდებოდი,
ჩემ ეზო-კარში  ტანამზედ-
ამახვიდ-ჩამახვიდოდი...
ჭალაში  წამომყვებოდი
ხოხობი   წკეპლატანადი,
ათასგზის  მიღიმილებდი,
ათასჯერ  გულს  გაჰკვალავდი...
ბუსნარს თეთრაის განდობდი,
თხა-თიკანს მოგირეკავდი,
წვიმის საყევრებს შავკრავდი,
შენ რო არ დამსველებოდი..

ჰარი,   ჰარალო, ჰარალი,
არი-არალე,  არალი...

მხარკოკაგადგმულს  გნახავდი,
ხელატოტვილსა   შეგსვამდი,
სამკლავმაგროსა  მოქსოვდი,
საჩემოდ ჯვრების ქამანდით..
ქმარს პერანგ მომიღილავდი,
თითებით  შროშანკალამით,
დაქანცულს წამლად  მყოფნოდა-
დათაფლულ კოცნის მარანი...
ხატობას მთვარის კარავში,
თეთრაით   მოგიპარავდი,
შავნაწნავ-  შავბროლ მდინარეს
ბილიკებ  გავიკვალავდი...

ჰარალე, ჰარი  ჰარალი,
ჰარი,  ჰარალო,  ჰარალი...

მარიენობას  ქუდნისლას,
შვიდკლდეში  ჩამოგიფენდი,
ზვინად შავკრავდი ლექსკონებს,
ცეცხლცვარად  ამოგიკრეფდი...
გულღორღიანი ღრუბლებით
ცას მიწად ჩამოვიღებდი,
შენს ერთ ცრელმდარდზე თემობას,
დავთმობდი,  გავეცლებოდი...
სიტყვას მოგცემდი- სხვა ქალსა
აროდეს  შავეყრებოდი!
ბედავად არრას გეტყოდი,
ნამუსად შაგეჭდებოდი...

ჰარალო, ჰარი ჰარალე,
არი  არალე  არალი....

სამ  ვაჟკაცს,  ერთსა  ქალასა,
ჩემ  გვარზემც  ვაღიღინებდით,
ჭრელ   აკვნებს   შენი  ლოცვებით,
მზეებით   ვაბიბინებდით...
არ  გინდოდ!  არრა,  აროდეს
საჩემოდ  არ  ივსებოდი,
ჩემ  ნამღერ-ნატირალებზე
არ სევდობდ,  არა ცრემლობდი...
დაბასრულს-  თორღვას გვარისას,
აროდეს შაიყვარებდი,
თავმკვდარ  ბეჩავს და  უმზეოს
გულში არ  შემიფარებდი...
აწ აღარც დილა მიხარის,
არც ლექსი  მიჭრის-კალამი,
ვკვდები და  სიზმარმეფობას
აღარ  წამართმევს არავინ...

ჰარალო-ჰარი ჰარალე,
ჰარი -ჰარალე  ჰარალი...

No comments:

Post a Comment