Saturday, June 23, 2012

* * * ცირა ბარბაქაძე



დავიტირე ყველა უპატრონო მკვდარი, _
თვალის უპეებში ცრემლი მაინც ვერ ამოვაშრე...
გამოვფინე ყველა გამოუძინებელი ღამე და
ლუსტრაცია მოვუწყე სიზმრის პერსონაჟებს _
გონება კი არ იშლის თავის დაზეპირებულ თამაშებს.
ლოდინის ჭაში წყალი ამოვაშრე,
შენც არ მომიკვდე, _ ყოველ ცისმარე
სავსე მხვდება...
ვიწყებ თავიდან ყველაფერს:
ვტირი უპატრონო მკვდრებს,
ვრეცხავ და ვაშრობ სიზმრებს,
წყალს ვუცვლი ლოდინის ჭას...
წყალს ვუსხამ ყვავილებს...
ვითვლი ვარსკვლავებს ცაზე...
ვითვლი ძილის წინ...
ყოველდღე გკლავ...
ყოველდღე იბადები...

22.06.2012

No comments:

Post a Comment