Tuesday, December 27, 2011

ჩვენც დავბერდებით.....***ნიკო მიქაია***



დრო ისე სწრაფად გაივლის სადღაც, 
გადავვერცხლდებით, ვხდებით ჭაღარა. 
ცხოვრება თავის წილს რომ წაიღებს,
ჩვენც დავბერდებით მაშინ, აბა რა.

გაივლის წუთი, გაივლის წამი,
დავნაოჭდებით დაჭკნება სახე.
გახსოვს? როგორი ამაყი იყო,
რა მოხუცია ის ახლა ნახე!

მერე შვილები გაგვიხსენებენ,
კარგი მშობლები ვიქნებით როცა.
თუკი სიბერე იქნება ტკბილი,
დაბერებამდეც ხომ გვიღირს მოცდა.

მერე ბაბუაც გავხდები ალბათ,
პატარა ნიკოს დავიჭერ ხელში.
გავასეირნებ სადმე ქუჩებში
და ვიამაყებ ჩემს განვლილ წლებში.

ჩვენც დავბერდებით, გადავთეთრდებით,
ვით დედამიწა იანვრის ბოლოს.
დამიზამთრდება ალბათ მეც თავზე,
როცა ცხოვრება თავის წილს მომთხოვს.

და ალბათ მერეც მე დავწერ ლექსებს,
ჭაღარა ბაბუ ვიქნები როცა.
როცა ქუჩაში გადაგეყრები,
შვილიშველბთან შეგხვდები როცა.

რა შორია არის სიბერე ახლა,
როცა ვბობოქრობ გათენებამდე.
მაგრამ როგორი ახლოა მგონი, 
ჩვენი ცხოვრება დაბერებამდე.

და ვინც იქნები შენ, ჩემო ცოლო!
ხომ ხედავ უკვე ლექსად წამომცდი.
პირობას გაძლევ რომ სიკვდილამდე,
მე მეყვარება შენი ნაოჭიც.

სულ ყველა მუზას და ყველას სტრიქონს,
გახსოვდეს მუდამ შენ გავედრებდი.
გაივლის დრო და გადავთეთრდებით
და სიყვარულში შევაბერდებით.

დრო ისე სწრაფად გაივლის სადღაც, 
გადავვერცხლდებით, ვხდებით ჭაღარა. 
ცხოვრება თავის წილს რომ წაიღებს,
ჩვენც დავბერდებით მაშინ, აბა რა.

Monday, December 26, 2011

*** კატო ჩულაშვილი



ხელიდან წასული
ფეხს ვითრევ შენამდე,
სუდარა მოვირგე
მინდვრის ყვავილების..
მე გარდავიცვალე,
შენს არსებობაში
და ვტოვებ ნაკვალევს
მსუბუქს და არეულს...

რიჟრაჟი მაცალე, 
მზის სხივი წაგიშლის
ჭორფლიან სამხილებს
ცოდვიან მთვარეულს...

იქ უჩვეულოა მზერა უმაძღართა,
იქ ისმის ჩურჩული უცხო ნაბიჯების... 
მე გარდავიცვალე
შენს არსებობაში,
ზღაპრული ამბორიც
ვერაფერს გვიშველის...

Tuesday, December 20, 2011

*** კატო ჩულაშვილი





სურვილს შეგიფუთავ
კუბოკრულ ,,ფოლგაში,,
ვერცხლისფერ თასმად
გავნასკვავ თავხედობას,
სუნამონაპკურევს
ჩავაგდებ ფოსტაში,
ზღაპრების მოსაყოლად
კლავიში არ გეყოფა.
იპოვი - მიპოვი...
წახვალ და დავრჩები...
შენს გზაზე გუბეა,
ჩემს გზაზე -ყანჩები,
კისერს იგრძელებენ,
საყურეს ირგებენ,
აქ მთვარის შუქია,
აქ ვერ გადარჩები...
სურვილი
თავხედი
როგორ გვანამცეცებს,
ვნებამისჯილების
მარხულ ულუფებად...
შენ დამნაშავე ხარ!
მე - შენი სასჯელი!
არადა, შორიდან
ვჩანდი ფუფუნებად...








19.12.2011
 

Thursday, December 15, 2011

ფხა-ფიქრი ***ლევან ქერდიყოშვილი.***


თეთრი ღამეების ხათრით,
შავ-თეთრ განთიადებს ვხატავ.
მაღრჩობს უთქმელობის თევზის
ყელში გაჩხერილი ფხა და
უნდა გადავახტე ყოველ
ხელში შეჩეჩებულ დღესაც,
უნდა გავიყოლო თრევით
მთვარის ღამეული კვნესა.

დღეს კი მზერის მიღმა ბაღი
ვალად მოთმინებას მადებს -
ვხედავ ხეტიალით დაღლილ
ძველი პოეტების ლანდებს.

ჰოდა თევზის სათქმელს ალბათ
ამბობს გაჩხერილი ფხა და
სიტყვა შემაჩეჩეს ყალბი -
ვდგავარ, უთქმელობებს ვხატავ!



ლევან ქერდიყოშვილი.
13.12.2011 წელი.
თბიულისი, ღამე...

Sunday, November 27, 2011

მიდიხარ ***როინ აბუსელიძე***

ვიცოდი ამდენს ვერ გავუძლებდი,
იქნებ აქამდეც ჯობდა მეტირა
მიდიხარ.
შენი წვრილი ქუსლები
აჩნდება ნერვებს მრავალწერტილად


მიდიხარ.
ჩემს თავს ვეღარ ვერევი.
ფეხის ხმა წყდება სადღაც კარს იქით,
მინდა სიკვდილი და ეს ნერვები
ხელში მიჭირავს კონტრაბასივით


თუმც  ვიცი ღამით დავიბოღმები
და სულის ყველა კარებს ჩავრაზავ,
მინდა გამოგყვე და ვერ მოგყვები,
რადგან_
მიდიხარ
ისე ლამაზად!..


Saturday, November 26, 2011

შენც ხომ წამოხვალ? ***ლიკა ყიფშიძე***


ფანტელებისგან მოვიქსოვ საბანს,
ფთილებს ბალიშის ბუმბულად ვიხმარ,
პერანგს ჩავიცვამ ფიფქის მაქმანის
და თეთრ ფარშევანგს გავყვები სიზმრად!
შენც ხომ წამოხვალ?
ქუნქულა თექის გაგიმზადე თეთრი მანტია,
თავზე რომ მადევს
პაწაწინა ყვავილების თაიგული,
ცამ დამაბნია!

Monday, November 21, 2011

მე მიყვარს შენში..... ***ნიკო მიქაია***


მე მიყვარს შენში
აპრილის ფერი.
სითბო, სინაზე
და გრძნობა ბევრი.

მე მიყვარს შენში
იასამანი.
გაუძლო დარდებს?
კიდე სანამდის?

მე მიყვარს შენში
ოქტომბრის სუნთქვა.
შენს თითებს 
თბილი ალერსი უნდა.

მე მიყვარს შენში
გრძნობები კვლავაც,
მე რომ უსიტყვოდ 
ყოველთვის მკლავდა.

მე მიყვარს შენში
უძირო სუნთქვა.
მე მაგ სუნთქვაში
დახრჩობა მსურდა.

მე მიყვრას შენში
მაისის ვარდი.
დატენილი ხარ იარაღო
ხოდა გავარდი!

დატენილი მაქვს რევოლვერი,
ფიქრები ავი.
"ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი".

მე შენში მიყვარს
იდუმალი ფერები თვალის.
ეგ მიწისფერი სილამაზე,
თვალის ქვეშ ხალი.

მე მიყვარს შენში
მოთამაშე საყურის ჩრდილი.
შენს კისერთან რომ დანავარდობს,
როგორც აჩრდილი.

მე მიყვარს შენში,
სიყვარული, რომელიც არ გაქვს.
ჩემი ცხოვრების შინაარსი, ღმერთო
ბოდლერს როგორ წააგავს.

მე ვიცნობ ბოდლერს,
ის გამაცნო გალაკტიონმა.
ჩვენი დარდები ვერ წაშალა
დიდმა რიონმაც.

მე ვიცნობ ვერლენს,
თითქოს გამას ჩემი სულისას.
მე ვიცნობ ფეტეფს,
დამდაგველს უხმოდ ჩემი გულისას.

მე ვიცნობ ტატოს,
პოეზიის წარუშლელ მელანს.
დარდებს რომ ვებრძვი,
გავაჭენებ ხოლმე მის მერანს.

მე ვიცნობ რუსთველს,
ავთანდილს, ფრიდონს, ტარიელს.
სიყვარულს მათსას, ულევს,
გრძნობას ცარიელს.

მე ვიცნობ წმინდა მთაწმინდიდან 
მამა ილიას.
ჩემი ლექსებიც ლექსთა 
მისთა შვილთაშვილია.

თუ დამიჯერებთ, გეფიცებით
მე ვიცნობ ლადოს.
მისმა ლექსებმა პოეზიას
და ჩემს შორის ხომ ხიდი გადო.

მე ალიონზე გავიცანი
გოგლას ყივჩაღი.
და მაქეიფეს მათთან ერთად,
სუფრას იჯდა კაკო ყაჩაღიც.

ამ სიტყვებს ვფიქრობ,
დავწოლილვარ ცისკენ გულაღმა.
არადა გუშინ მივყვებოდი
მე ამაყად აკაკის აღმართს.

უფლისციხესთან მელოდება
მე ლებანიძე.
წვეთი ყაყაჩოს სისხლისფერი
აღარა სჩანს, გლოვობს მოდგმა
ხერხეულიძეთ.

დანგრეულია მოლოდინში
დიდი ვარძიაც.
და სულხან-საბა მელოდება
გასაცნობად ტურფა ტანძიას.

მე შენში მიყვარს ის გრძნობა,
რომ გამაცანი ხალხი ამდენი.
შენზე ფიქრებში მაწერინე 
მათთან ერთად ლექსი რამდენი.

მე შენში მიყვარს ის რომ ჰგავხარ
თამარს, ანიკოს, მერის.
და შენში მიყვარს სამუდამოდ
ოქტომბრის სუნთქვა, აპრილის ფერი.

Wednesday, November 16, 2011

იქ, მომამვალში... **ელგა ფოლადიშვილი**


ნუ მებრძვი, რადგან იქ, მომავალში გამარჯვებისთვის განწირულს გხედავ...
იმ მომავალს სიბერე ჰქვია...
მომავლის შემდეგ მოვალს კი, უკვე სიკვდილი.
ნუ მებრძვი, მე ხომ ისედაც ვიცი , რომ გულგრილობის აბჯარი გიცავს და უძლეველს გხდის _ კლდეს გატეხავ, ზღვას გაცურავ და უვნებელად გადარჩენილი ათასმეერთედ თავს შეაფარებ კვლავ მარტოობას...
ათასის მერე დაწყებული ის ერთი ღამეც მარტოოობის ბინადრად გაქცევს.
კარზე კაკუნი სამჯერ, თუ ცხრაჯერ აზრს მაშინ კერგავს, როცა საკეტი გარედან ადევს...

არ შემიძლია ცხრაკლიტულთან ბრძოლა და დავა!
ნუ მებრძვი, ბრძოლა ბრძოლისათვის, არაფრად მიღირს...
ცის სარტყელი ცისარტყელებს მიფენდა გზაზე... თითისწვერებზე აწეული ფეხაკეფით მოველ შენამდე...
ზეციდან მზე და გვირილები, მიწიდან ცამდე, მომაცილებდნენ და ჩურჩულებდნენ _ გული გაუხსენ, დაუყვავე, სული გაუთბე...
მაგრამ აბჯარი ასე ცივი და თანაც რკინის, წითლად შეღებილ მოვის პერანგს სულაც არ ჰგავდა... და როგორც ზღაპრად უღრან ტყეში დაკარგულ გოგოს, სასწაულების მოლოდინიში შემომაღამდა...

ნუ მებრძვი, მე ხომ ისედაც ვიცი _ მარტო მოვედით და მარტო წავალთ!..
მაგრამ ამ გზას, მარტო მოსვლიდან მარტო წასვლამდე სიცოცხლე ჰქვია და არ მინდა მარტო ვიყო, მარტომ ვიარო...
და როცა ხელებს, დაკოჟრილ ხელებს ვერას  შეახებ საკუთარი სხეულის გარდა, და კუნძზე შემხმარ ფესვებივით მუხლისთავებზე ჩამოალაგებ...გაგახსენდები და გეტკინება, რადგან მომავალს სიბერე ჰქვია, მომავლის შემდეგ მომავალს კი, უკვე სიკვდილი. ვერსფერს შეცვლი!!!
ვერ გიმეტებ ვერც იმ დღისთვის, ვერც იმ წამისთვის...

უნდა წავიდე, რახანია დარეკეს ზარი!
ნაზამთრალ ფიქრით ამ გაზაფხულს აღარ შევხვდები...
იქ, მივიწყებულ ნანგრევებთან დრო დუელს ნიშნავს, შენს უმწეობას კი სტირიან გაღმით ვერხვები...
უნდა წავიდე, რადგან სული მზეს და ჰაერს მთხოვს... ბრძოლა ბრძოლისთვის არად უღირს აღარც სიყვარულს...
და მარტოობის აბლაბუდას, შენს ჯაჭვის პერანგს, მარტოობაში დატყვევება თუკი ისევ სურს, დე მარტო იყოს!
მებრალები, მაგრამ რაღა დროს...

შენი აბჯარი ასე ცივი და თანაც რკინის, წითლად შეღებილ მოვის პერანგს სულაც არ ჰგავდა... და როგორც ზღაპრად უღრან ტყეში დაკარგულ გოგომ, სასწაულობის მოლოდინმა ისე დამღალა, რომ ვაღიარე _ ეს მარცხიც და ეს გამარჯვებაც!

ნუ მებრძვი, რადგან იქ, მომავალში გამარჯვებისთვის განწირულს გხედავ...
და როცა ხელებს, დაკოჟრილ ხელებს ვერსა შეახებ საკუთარი სხეულის გარდა, და კუნძზე შემხმარ ფესვებივით მუხლისთავებზე ჩამოალაგებ... გაგახსენდები და გეტკინება...
მე???
მე ახლაც მტკივა...
და მივდივარ, მაინც მივდივარ... რადგან სული მზეს და ჰაერს მთხოვს!

Sunday, November 13, 2011

პირველ-თოვის ლექსი **ნიკო მიქაია**


ცა დაიშალა თითქოს ამ წუთას,
ფიფქებად ცვივა დედამიწაზე.
გავედი გარეთ და პირველ ფიფქად
თუ დამიჯერებ, კვლავ შენ გინატრე.

რა სიმშვიდეა ამ წუთას სულში,
ამათრთოლებენ ფიფქები თითქოს.
კვლავ შენს სიყვარულს მონატრებული,
პირველი თოვლის სურნელად გფიქრობ.

შენი თვალების ფერი აქვს თოვას,
მათსავით სუფთა არის, უმანკო.
ჩემთან ხარ, ფიფქებს მოჰყევი ისევ
და კვლავაც გლექსავ ისე უბრალოდ.

კვლავაც სურნელი მიტაცებს შენი,
პირველი თოვლის პირველ ფანტელში.
შენსავით წმინდა იერი ასდის,
ციდან მოფრენილ ფიფქს ამ ღამეში.

მე ფიფქად მოვალ შენს დარაბასთან,
ვიცი, რომ დგახარ ჩუმად და მელი.
იქნება გავხდე შენი ნაწილი,
იქნებ თოვლს მაინც შეახო ხელი.

ისე ჩუმად თოვს, ისე ლამაზად,
ვით ტყემლის კვირტი აპრილის თვეში.
ფიფქად გაცოცხლდი ამ წუთას ჩემთვის
და აგიყვანე პირველად ხელში.

შეგახე ტუჩი, ვლამობდი კოცნას,
შენ უნებურად კოცნისგან დადნი.
რა შორს ყოფილხარ სინამდვილეში.
არადა როგორ ახლოს მოჩანდი.

კვლავ გამიცოცხლდა მძინარე მუზა,
ისევ დაგწერე თოვლის ფიფქებად.
შენ თუ არასდროს, სამარადისოდ
თოვლის ფანტელი ჩემთან იქნება.

გამომიბრწყინდა შენი სახე და
თითქოს სულ ყველა ფანტელში ელავს.
მილიარდი ხარ ახლა ჩემს წინ და
როგორც არასდროს, მე ისე ვღელავ.

პირველი თოვლის პირველ ფიფქებად,
გამოჩნდი ისევ ჩემს არსებაში.
მეგონა ვწერდი პირველ თოვაზე
და ლექსი შემრჩა შენს სახებაში.

როგორ სუფთად თოვს, როგორ ლამაზად,
გაჩუმებული ვუყურებ ფიფქებს.
ყველა ფანტელში ჩანს შენი სახე
და ვერ ველევი მე შენზე ფიქრებს.

ამ ტექსტსაც რომ გადაშლი...დამინახავ... ""ცირა ბარბაქაძე""


* * *

პალიმფსესტია ჩემი ტექსტები...
ზედა ფენას ყურადღებას ნუ მიაქცევ,
გადაფხიკე...
ფრთხილად... მშვიდად... აუღელვებლად...
როცა წაიკითხავ, ისევ გადაფხიკე...
ისე, თითქოს მზის ამოსვლას უყურებ...

პალიმფსესტია ჩემი ტექსტები _
ყველაფერს, რასაც წაიკითხავ,
გადაშალე...
ნუ დაიღლები...
შენ ხომ მზის ამოსვლას ელოდები...
ფრთხილად...
არცერთი შრე არ უნდა დააზიანო...
მე ვგრძნობ, როცა არასწორად კითხულობ...
ყოველთვის არ გეტყვი.

შენ ჩემს სულს ფცქვნი ახლა...
მე მაინც გეუბნები: გადაფხიკე...
_ ვაი...
არა, კი არ მეტკინა... რაღაც არასწორად წაიკითხე...
კანით ვიგრძენი.

_ ფრთხილად, ხომ გითხარი,
ისე, როგორც მზის ამოსვლას ელოდები...
აი, ფერები რომ ენაცვლება ერთმანეთს, როცა თენდება...
იისფერი, მოლურჯო, მოვარდისფრო...
შენს დუმილს ვგრძნობ...

ამ ტექსტსაც რომ გადაშლი...
დამინახავ...

12.11.2011

Monday, November 7, 2011

შენ გვერდით თავი დავკარგე და ხომ არ გიპოვნია...? **ცირა ბარბაქაძე**


&
გათენებისას მივატოვე სიზმრები,
რომელშიც შენ იყავი...
სიზმრებში გითხარი: მეყოფა სიზმრები!
პირის ნაბან წყალს გადავაყოლე ჩემი ეჭვები _
იქნებ არ ღირდა...
სარკეში იმას... ჩემს მეორეს ვუთხარი:
მე გავწყვიტე შიშის ყულფი,
შენ თუ გინდა, დარჩი სარკეში,
მე წავედი...
ვერაფერმა შემაჩერა:
ვერც შავმა კატამ გზაზე,
ვერც ამინდის პროგნოზმა, რომ დღეს ქალაქში
მოსალოდნელია ისეთი სიცხე,
თუ გარეთ გახვალთ,
თქვენ მაგივრად დარჩება ჩრდილი...
მოვატყუე ყველა, ვინც გზაზე შემხვდა...
მოვატყუე ყველა,
საკუთარი თავის გარდა...
როგორც იქნა, მოვედი შენამდე
და გეკითხები:
გუშინ აქედან რომ გავედი,
შენ გვერდით თავი დავკარგე
და ხომ არ გიპოვნია...?     (27. 07. 2011)

მერე მეტყვი: მე რა შუაში ვარო...***ცირა ბარბაქაძე ***


&
შენა ხარ ღრუბელი, მოუხელთებელი...
იშლები ფორმებად და ფერებად,
ჩემს გულში ვრცელდები და საზღვრებს კარგავ...
მე ღრუბლების მწყემსი ვარ _
თეთრები, ვარდისფერები, უფეროები... საწვიმარები და ნაწვიმარები...
_ გეცნობა ეს ღრუბელი, მარცხენა კუთხეში?
_ გეცნობა, აბა, რა... ყველა შენა ხარ!
ჩემი თვალებიდან გადმოდიხარ და დადიხარ...
ღრუბლებზე და ღრუბლებს ზემოთ...
ყვავილებზე, ხეებზე,  ადამიანებზე...
ყველგან შუაში ხარ...!
მერე მეტყვი: მე რა შუაში ვარო...?
ყველაფრის შუაში შენ ხარ და რა ვქნა?

2011 წლის 26 06

Sunday, November 6, 2011

ნინოს **როინ აბუსერიძე**

ცას ვარსკვლავები დააქვს ეგზემად
ეგზომ და ღამეს თეთრი ფერი აქვს,
შენ ახლა ჩემი ყველა ლექსი ხარ,
რასაც დავწერ და დამიწერია.

მომავალს ორსულ დღეებს ვუნახავ,
არის ზედმეტი უკვე ხეტებაც,
შენ ახლა ჩემი ყველა სუნთქვა ხარ,
ხშირად ფილტვებში რომ არ მეტევა.

გვტიხრავს ამინდი როგორც შერისხვა,
გაუცხოების თეთრი ტიხარით,
მაგრამ შენ ჩემი ყველა ნერვი ხარ,
რითიც მსურხარ და რითიც მინდიხარ.

ეს მარტი როგორც წესი მოხაზე,
კალენდარია დრო და ჯებირი,
ჩემი კოცნა კი შენს თეთრ ლოყაზე,
ჩნდება წითელა ბატონებივით.

როცა სუსტ ხელებს წელზე მომახვევ,
ძალგიძს რომ სუნთქვა ლექსად დათესო,
შენ ახლა ჩემი ერთი ცოლი ხარ,
მილიონ ქალზე ულამაზესო..

ცას ვარსკვლავები დააქვს ეგზემად
ეგზომ და ღამეს თეთრი ფერი აქვს,
შენ ახლა ჩემი ყველა ლექსი ხარ,
რასაც დავწერ და დამიწერია.

მაჯებიდან **როინ აბუსერიძე**

სუნთქვით გადაღლილი ყნოსავ კამელიებს,
დგახარ სხვათაშორის შორის მდინარეთა,
გუშინწინისწინ კი ნეტა დამელიე,
როცა გკოცნიდი და ჩანდა მინარეთი -
ჩვენი წინაპრების ძვლებზე ნაშენები,
სადაც ტკივილს სძინავს ენით გამოუთქმელს
და ეს შემთხვევაა როცა დაჟინებით,
წარსულს აღარ უნდა მხარში ამოუდგე.

რადგან რელიგია შენი - ქართულია,
უნდა გაუმკლავდე ერთხელ რეპრესიას,
მეჩეთს ამჯობინო ცამეტსართულიანს,
სოფლის ერთი ცალი ხმელი ეკლესია

და ვერც გესწავლება ჩემგან ვერაფერი,
როგორ მოიქცე და როგორ ინებივრო,
დგანან ლეჩაქებში სოფლის დედაბრები
კედლის ხალიჩებზე ნაქარგ ირმებივით.
ჩემი სოფელია, შენი სოფელია,
სხვისი სოფელია და ნუ გაართულებ,
დღეებს იმედების ნოხი მოჰფენია,
ცაა წითელი და მზეა საქართულე.

ჰოდა............

Tuesday, October 25, 2011

ტანგო საკუთარ თავთან **კატო ჩულაშვილი**



ერთზე გაიელვებს დეკოლტე,
ორ–ზე გაშტერდება თვალი,
სამიი!
...მიპოვე და მოგენდე...
ოთხი–ავად გიხურს ტანი!!
აკორდს მიადევნე კორსეტი!
სუნთქვა შეკრული და მწველი..
შენ ხომ უტიფარი თეძო გაქვს,
მას კი უკანკალებს ხელი..
ღამე გახედნილი სიზმრების,
მხარზე გაშოტილი ტერფი..
მალებს გადაითვლის ცენზორი..
ბაგე ლავიწის ძვალს ერთვის...
და ისევ–
ერთი!
შემუსვრილი დეკოლტე...
ორი!
შელახული კერტი..
სამი!
გიპოვე და მომენდე...
ოთხი...