Wednesday, November 16, 2011

იქ, მომამვალში... **ელგა ფოლადიშვილი**


ნუ მებრძვი, რადგან იქ, მომავალში გამარჯვებისთვის განწირულს გხედავ...
იმ მომავალს სიბერე ჰქვია...
მომავლის შემდეგ მოვალს კი, უკვე სიკვდილი.
ნუ მებრძვი, მე ხომ ისედაც ვიცი , რომ გულგრილობის აბჯარი გიცავს და უძლეველს გხდის _ კლდეს გატეხავ, ზღვას გაცურავ და უვნებელად გადარჩენილი ათასმეერთედ თავს შეაფარებ კვლავ მარტოობას...
ათასის მერე დაწყებული ის ერთი ღამეც მარტოოობის ბინადრად გაქცევს.
კარზე კაკუნი სამჯერ, თუ ცხრაჯერ აზრს მაშინ კერგავს, როცა საკეტი გარედან ადევს...

არ შემიძლია ცხრაკლიტულთან ბრძოლა და დავა!
ნუ მებრძვი, ბრძოლა ბრძოლისათვის, არაფრად მიღირს...
ცის სარტყელი ცისარტყელებს მიფენდა გზაზე... თითისწვერებზე აწეული ფეხაკეფით მოველ შენამდე...
ზეციდან მზე და გვირილები, მიწიდან ცამდე, მომაცილებდნენ და ჩურჩულებდნენ _ გული გაუხსენ, დაუყვავე, სული გაუთბე...
მაგრამ აბჯარი ასე ცივი და თანაც რკინის, წითლად შეღებილ მოვის პერანგს სულაც არ ჰგავდა... და როგორც ზღაპრად უღრან ტყეში დაკარგულ გოგოს, სასწაულების მოლოდინიში შემომაღამდა...

ნუ მებრძვი, მე ხომ ისედაც ვიცი _ მარტო მოვედით და მარტო წავალთ!..
მაგრამ ამ გზას, მარტო მოსვლიდან მარტო წასვლამდე სიცოცხლე ჰქვია და არ მინდა მარტო ვიყო, მარტომ ვიარო...
და როცა ხელებს, დაკოჟრილ ხელებს ვერას  შეახებ საკუთარი სხეულის გარდა, და კუნძზე შემხმარ ფესვებივით მუხლისთავებზე ჩამოალაგებ...გაგახსენდები და გეტკინება, რადგან მომავალს სიბერე ჰქვია, მომავლის შემდეგ მომავალს კი, უკვე სიკვდილი. ვერსფერს შეცვლი!!!
ვერ გიმეტებ ვერც იმ დღისთვის, ვერც იმ წამისთვის...

უნდა წავიდე, რახანია დარეკეს ზარი!
ნაზამთრალ ფიქრით ამ გაზაფხულს აღარ შევხვდები...
იქ, მივიწყებულ ნანგრევებთან დრო დუელს ნიშნავს, შენს უმწეობას კი სტირიან გაღმით ვერხვები...
უნდა წავიდე, რადგან სული მზეს და ჰაერს მთხოვს... ბრძოლა ბრძოლისთვის არად უღირს აღარც სიყვარულს...
და მარტოობის აბლაბუდას, შენს ჯაჭვის პერანგს, მარტოობაში დატყვევება თუკი ისევ სურს, დე მარტო იყოს!
მებრალები, მაგრამ რაღა დროს...

შენი აბჯარი ასე ცივი და თანაც რკინის, წითლად შეღებილ მოვის პერანგს სულაც არ ჰგავდა... და როგორც ზღაპრად უღრან ტყეში დაკარგულ გოგომ, სასწაულობის მოლოდინმა ისე დამღალა, რომ ვაღიარე _ ეს მარცხიც და ეს გამარჯვებაც!

ნუ მებრძვი, რადგან იქ, მომავალში გამარჯვებისთვის განწირულს გხედავ...
და როცა ხელებს, დაკოჟრილ ხელებს ვერსა შეახებ საკუთარი სხეულის გარდა, და კუნძზე შემხმარ ფესვებივით მუხლისთავებზე ჩამოალაგებ... გაგახსენდები და გეტკინება...
მე???
მე ახლაც მტკივა...
და მივდივარ, მაინც მივდივარ... რადგან სული მზეს და ჰაერს მთხოვს!

4 comments:

  1. ... გაგახსენდები და გეტკინება...
    მე???
    მე ახლაც მტკივა...
    და მივდივარ, მაინც მივდივარ... რადგან სული მზეს და ჰაერს მთხოვს! თამო. ძალიან მომეწონა.

    ReplyDelete
  2. ხო თაამ, მეც მაგ ადგილმა დამასევდიანა ყველაზე მეტად :)
    ულამაზესია და ელგაა უნიჭიერესი ადამიანი :)

    ReplyDelete
  3. რომ მავკვდე გამიხსენებდეთ
    ერთს მოხუცს თუშის კაცსაო
    მარტო დამაგდეს გულ მაჰკლეს
    მაინც ვლოცავდი ცასაო.უცნობი პოეტია. თ.

    ReplyDelete