Sunday, November 13, 2011

პირველ-თოვის ლექსი **ნიკო მიქაია**


ცა დაიშალა თითქოს ამ წუთას,
ფიფქებად ცვივა დედამიწაზე.
გავედი გარეთ და პირველ ფიფქად
თუ დამიჯერებ, კვლავ შენ გინატრე.

რა სიმშვიდეა ამ წუთას სულში,
ამათრთოლებენ ფიფქები თითქოს.
კვლავ შენს სიყვარულს მონატრებული,
პირველი თოვლის სურნელად გფიქრობ.

შენი თვალების ფერი აქვს თოვას,
მათსავით სუფთა არის, უმანკო.
ჩემთან ხარ, ფიფქებს მოჰყევი ისევ
და კვლავაც გლექსავ ისე უბრალოდ.

კვლავაც სურნელი მიტაცებს შენი,
პირველი თოვლის პირველ ფანტელში.
შენსავით წმინდა იერი ასდის,
ციდან მოფრენილ ფიფქს ამ ღამეში.

მე ფიფქად მოვალ შენს დარაბასთან,
ვიცი, რომ დგახარ ჩუმად და მელი.
იქნება გავხდე შენი ნაწილი,
იქნებ თოვლს მაინც შეახო ხელი.

ისე ჩუმად თოვს, ისე ლამაზად,
ვით ტყემლის კვირტი აპრილის თვეში.
ფიფქად გაცოცხლდი ამ წუთას ჩემთვის
და აგიყვანე პირველად ხელში.

შეგახე ტუჩი, ვლამობდი კოცნას,
შენ უნებურად კოცნისგან დადნი.
რა შორს ყოფილხარ სინამდვილეში.
არადა როგორ ახლოს მოჩანდი.

კვლავ გამიცოცხლდა მძინარე მუზა,
ისევ დაგწერე თოვლის ფიფქებად.
შენ თუ არასდროს, სამარადისოდ
თოვლის ფანტელი ჩემთან იქნება.

გამომიბრწყინდა შენი სახე და
თითქოს სულ ყველა ფანტელში ელავს.
მილიარდი ხარ ახლა ჩემს წინ და
როგორც არასდროს, მე ისე ვღელავ.

პირველი თოვლის პირველ ფიფქებად,
გამოჩნდი ისევ ჩემს არსებაში.
მეგონა ვწერდი პირველ თოვაზე
და ლექსი შემრჩა შენს სახებაში.

როგორ სუფთად თოვს, როგორ ლამაზად,
გაჩუმებული ვუყურებ ფიფქებს.
ყველა ფანტელში ჩანს შენი სახე
და ვერ ველევი მე შენზე ფიქრებს.

1 comment: