Monday, November 21, 2011

მე მიყვარს შენში..... ***ნიკო მიქაია***


მე მიყვარს შენში
აპრილის ფერი.
სითბო, სინაზე
და გრძნობა ბევრი.

მე მიყვარს შენში
იასამანი.
გაუძლო დარდებს?
კიდე სანამდის?

მე მიყვარს შენში
ოქტომბრის სუნთქვა.
შენს თითებს 
თბილი ალერსი უნდა.

მე მიყვარს შენში
გრძნობები კვლავაც,
მე რომ უსიტყვოდ 
ყოველთვის მკლავდა.

მე მიყვარს შენში
უძირო სუნთქვა.
მე მაგ სუნთქვაში
დახრჩობა მსურდა.

მე მიყვრას შენში
მაისის ვარდი.
დატენილი ხარ იარაღო
ხოდა გავარდი!

დატენილი მაქვს რევოლვერი,
ფიქრები ავი.
"ჩააწყვეთ რიგში ცამეტი ტყვია,
ცამეტჯერ უნდა მოვიკლა თავი".

მე შენში მიყვარს
იდუმალი ფერები თვალის.
ეგ მიწისფერი სილამაზე,
თვალის ქვეშ ხალი.

მე მიყვარს შენში
მოთამაშე საყურის ჩრდილი.
შენს კისერთან რომ დანავარდობს,
როგორც აჩრდილი.

მე მიყვარს შენში,
სიყვარული, რომელიც არ გაქვს.
ჩემი ცხოვრების შინაარსი, ღმერთო
ბოდლერს როგორ წააგავს.

მე ვიცნობ ბოდლერს,
ის გამაცნო გალაკტიონმა.
ჩვენი დარდები ვერ წაშალა
დიდმა რიონმაც.

მე ვიცნობ ვერლენს,
თითქოს გამას ჩემი სულისას.
მე ვიცნობ ფეტეფს,
დამდაგველს უხმოდ ჩემი გულისას.

მე ვიცნობ ტატოს,
პოეზიის წარუშლელ მელანს.
დარდებს რომ ვებრძვი,
გავაჭენებ ხოლმე მის მერანს.

მე ვიცნობ რუსთველს,
ავთანდილს, ფრიდონს, ტარიელს.
სიყვარულს მათსას, ულევს,
გრძნობას ცარიელს.

მე ვიცნობ წმინდა მთაწმინდიდან 
მამა ილიას.
ჩემი ლექსებიც ლექსთა 
მისთა შვილთაშვილია.

თუ დამიჯერებთ, გეფიცებით
მე ვიცნობ ლადოს.
მისმა ლექსებმა პოეზიას
და ჩემს შორის ხომ ხიდი გადო.

მე ალიონზე გავიცანი
გოგლას ყივჩაღი.
და მაქეიფეს მათთან ერთად,
სუფრას იჯდა კაკო ყაჩაღიც.

ამ სიტყვებს ვფიქრობ,
დავწოლილვარ ცისკენ გულაღმა.
არადა გუშინ მივყვებოდი
მე ამაყად აკაკის აღმართს.

უფლისციხესთან მელოდება
მე ლებანიძე.
წვეთი ყაყაჩოს სისხლისფერი
აღარა სჩანს, გლოვობს მოდგმა
ხერხეულიძეთ.

დანგრეულია მოლოდინში
დიდი ვარძიაც.
და სულხან-საბა მელოდება
გასაცნობად ტურფა ტანძიას.

მე შენში მიყვარს ის გრძნობა,
რომ გამაცანი ხალხი ამდენი.
შენზე ფიქრებში მაწერინე 
მათთან ერთად ლექსი რამდენი.

მე შენში მიყვარს ის რომ ჰგავხარ
თამარს, ანიკოს, მერის.
და შენში მიყვარს სამუდამოდ
ოქტომბრის სუნთქვა, აპრილის ფერი.

1 comment: