Thursday, April 28, 2011

მზებუდობა ***ლელა ცუცქირიძე***

მზებუდობაა, მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში
და სანამ სხივებს გამოჩეკავს,
ჩამოვჯდე უნდა,
სკივრი გავხსნა ბინდისფერაი,
ზედ მტვრის ჩიტები ვარაყიან ფრთებს შეარხევენ,
მობუდარ მზისკენ გაფრინდებიან
მონატრებული სტვენა–ჭიკჭიკით.

წინ ზამთარია.
ჩამოვჯდე უნდა და სკივრიდან ამოვალაგო:
სიკეთე, როგორც ქობაქურის ლურჯი საკაბე,
ჩითის ღიმილი – ჭალას ჩამდგარი გარიჟრაჟის ერთი ნაკუწი,
მოფერება – ვერცხლის შიბები…
დალოცვა – თითბრის სამაჯურზე თრიმლისფერი სერდოლიკები…
ნაშალ ყორეზე გადავფინო
ბაბოჩემის ნაჩუქარი შალის თავშალიც.
სანამ ჩრჩილებმა ზედ ჩადუნა არ ააყვავეს,
ვერ გავიმეტე:
ვერც სტუმრისათვის, ვერც ბეჩავი მეზობელისთვის,
ვერც ლხინისათვის, ვერც ჭირისათვის…
არადა, ისე სიყვარულით იყო ნაქსოვი, ისე ღუნღულა,
ყველა შემცივნულს გაუთბობდა დამზრალ სულ–სხეულს.

უნდა ჩამოვჯდე,
დავამზეურო ყველა სიტყვა,
რასაც გულდაგულ ვინახავდი ბინდისფერაი სკივრის ძირში
და არ ამოვთქვი.
ყველა მომსვლელს და ყველა წამსვლელს –
ხეტიალა ბილიკებით სამზეოს მავალთ, გავუნაწილო:
ზოგს – ქობაქურის ლურჯი საკაბე,
ზოგს გარიჟრაჟი,
ზოგს სამაჯური სერდოლიკებით, ვერცხლის შიბები…
ბაბოს თავშალსაც ყორეს მაგივრად გზაზე დავაფენ,
იქნებ ბაბოს ხმით ადუდუნდნენ ზედ ჩადუნები:
“შემოგევლეო, კეთილო და გასახარელო”…

მზებუდობაა,
მზე ყუჩდება ნისლის ბუდეში.
წინ ზამთარია, ჰაი, როგორი ზამთარიაა…
თეთრ ბამბაზიას დაიფარებს ჩემი სათიბი,
ბოლო სიტყვამდე გარმონის ერთი გაწელვა დარჩა:
“რა ლამაზიაა”…
და სანამ სკივრი – ბინდისფერაი, ფესვამნდუკ ფესვს მიწას შეაზრდის,
სანამ კალოზე გავილეწები ხორბლის თავთავი,
როგორმე უნდა ამოვღერღო ჩემი სათქმელი:
სანთელს მიგიკრავ სარკმელზედა,
მზეო, ბუდეში ჩამალულო,
ყველას ერთნაირად დააყარე
შენი თივისფერი ბულულები.
სავალიმც დაულოცე შეჭირვებულს,
შენი სავალიმც დაგელოცებ,
სხივები გამოჩეკე, მობუდარო,
მზეო, ერთგულო, მადლიანო…

No comments:

Post a Comment