Thursday, April 7, 2011

ციხე **ლევან ქერდიყოშვილი**


ციხეა, ცხოვრება ციხეა ნამდვილად,
ვიქეცით ყველანი პატიმრად სიცოცხლის,
ტკივილი გვეყოფა მხოლოდ ერთ ბღავილად,
გვერდითაც ვერავინ გაიგებს იყო რის.

სამყაროს ყრუ კედლებს ვერაფერს დააკლებ,
იქნება აყროლდე კიდევაც ბოღმისგან,
ყველა გასაღები მრისხანედ დააქვს ღმერთს–
იყვირე და როცა არ ელი მოგისმენს!

გაგიღებს ცხრაკლიტურს სწრაფად და გაგიშვებს,
არათუ ღიმილი–სიტყვა არ დასცდება,
შენ წახვალ, დარჩებათ პატიმრის დაღი სხვებს
და გული ახლა ამ ციხეზე დაგწყდება.

დააღწევ სწრაფად თავს სიცოცხლის ტყვეობას,
გტირიან, ოცდები არ გესმის მათი რად.
გავა დრო, არავინ გახსენებს თვეობით–
მიხვდები, იქეცი სიკვდილის პატიმრად.

ციხეა, ციხეა ამ ციხის იქითაც,
იმ ციხის აქეთაც ყრუ არის კედელი...
იყვირე! იბღავლე! შენ ტყვე ხარ რიგითი–
ღმერთია ამ ციხის მხნე ზედამხედველი!

................

უფალო შეგვიწყალენ!


2011 წელი.
ბობნევი, ღამე.

No comments:

Post a Comment