Saturday, April 9, 2011

სარფის ორადგამყოფ სამანზე თქმული - იმედი ჯახუა


ოთხკეცი  სონეტი


ჭანეთო  და  ლაზისტანო,
კლარჯეთო  და  ერუშეთო -
გული  ვითღა  გავიხაროთ,
ვმონებთ  ვიდრე  ბედს  უღმერთოს?!.

როსღა  -  ჩვენმა  ორჩხომელმა
ისრებრ  პონტოს  ზღვა  გაჰკვეთოს?!.
- გაყოფილმა  ორად  ერმა 
საქმე  ერთი  ვით  აკეთოს?!.

ვით  მივუვალთ  დიდ  წინაპართ,
ძმანი  ერთურთს  თუ  ვერ  ვიხსნით?!.
როდის  აქეთ  გაიაფდა
მოსისხლისთვის  ჩვენი  სისხლი?!.

როსღა  დავდოთ  გაჭრილ  სარფთან
ფიცი  -  ცოტნეს  საკადრისი?!.

ვითღა  ჰპოვონ  ძვლებმა  შვება,
ამ  ზღვისპირად  დაფლულებმა,
ვიდრე  კიდევ  ნატვრად  რჩება
ერთმანეთის  დაბრუნება?!.

ვიდრე  გული  უქმად  შვრება,
ვიდრე  სისხლი  ჯავრით  შრება...
ერთხმად  ძმობის  გამარჯვების
არ  დავჭექეთ  ვიდრე  ძმებმა?!.

ვიდრე  გვესმის  სარფის  კართან
მოთქმად  ,, სი  სო  ული  ბატა ’’?!.
ვიდრე  ცრემლი  სულშიც  ატანს,
როს  ამ  ხმასაც  ქარი  ფანტავს?!.

ყელში  ბურთებრ  მეჩხირება,
ქვითინს  გულს  რომ  ამოვატან...

ამ  ზღვის  პირად  დავანება
ხომ  ღვთივ  ერგო  ლაზიკიას?!.
როს  ძმები  ვართ  ალალები,
,, მეზობლობა ’’  რას  მიქვია?!.

სევდაც  ჩვენი  დანანებით
ჩვენს  ერთობილ  ცას  მიჰკვრია...

ამ  ზღვას  მიჯრილ  მთებში  ჰქრიან
სულნიც  ჩვენთა  წინაპართა...
ჩვენ  ხომ  გვახსოვს  -  ჟამთა  წიაღ
ეს  კედელი  ვინ  აღმართა?!.

არც  ტყვევნილი,  არც  ხიზანი -
შენსას  ზიხარ  ეზო-ყურეს!..
არც  ცრემლი  გაქვს  ნასხვისარი,
დღემდის  რითაც  შემოჰყურებ

შენს  განაყოფ  მამულ-დედულს  -
ჩვენს  ძველ,  ზიარ  არემარეს...
არ  გაგვწირავს  ღმერთი  ბედკრულთ
-  ნანატრს  მოგვახარებს  ხვალეს!..

დავიბრუნებთ  მალე  ერთურთს -
კიდევ  ცოტაც,  გენაცვალე!..

აგერ  გვრინიც  გვესმის  გმირთა -
ამ  მიწას  შეწირულ  სპათა...
ზღვა  ჭოროხის  ზვირთებრ  ირთავს
ჰანგებს,  ციდან  ჩამონატანს...

-  ჩვენ  სისხლ-ხორცი  ჩვენი  გვინდა!..
ჩვენ  არც  მიწა  გვინდა  სხვათა!..
-  მესმის  ორად  გაჭრილ  სარფთან
როგორც  ,, სი  სო  ული  ბატა ’’...

No comments:

Post a Comment