Thursday, April 21, 2011

დგები, მოდიხარ... **ლელა ცუცქირიძე**

მე ხშირად ხელს გკრავ, ან გიშორებ, ან არ მახსოვხარ…
და სწორედ მაშინ,
როცა სახლს – დაცლილს სიკეთისგან,
გულდაგულ ვკეტავ,
დგები, მოდიხარ,
ყელზე შებმულ ცოდვის ეჟვანს მხსნი,
და სინანულის სამყურების თბილ მარცვლებს თესავ:
შუბლზე და მკერდზე,
მარჯვნივ და მარცხნივ…
სულმოსათქმელად.

…დგები, მოდიხარ,
ნატერფალებზე გეშლებიან პალმის რტოები,
ზედ სისხლის წვეთი ისე ანათებს, როგორც ბინდში –
წითელი კენკრა, ეკლებით სავსე კუნელის ბუჩქზე.
ეს შენი უხმო ძახილია, უნდა გავიგო!
უნდა გამოვყვე რტოებიდან აფრენილ ჩიტებს,
გაშლილი ფრთებით ჯვრებს რომ ჰგვანან
და მივხვდე, მივხვდე:
ჭეშმარიტად მოდიხარ ჩემთან.

დგები, მოდიხარ,
კალაპოტიდან პეშვით მიქცევ მღვრიე მდინარეს,
ნაპირზე ხეს რგავ,
რომ ნაყოფმა – სიყვარულმა
ამოავსოს ჩემი სულის ვერდაცლილი სიცარიელე...
რომ კიდევ ერთხელ, ყელიდან შემხსნა ცოდვის ეჟვანი,
რომელიც ხშირად, კი არ წკარუნობს,
არამედ რეკავს, ზარივით რეკავს!

…და მერე, ისე დაღლილ ხარ, ისე დაღლილი,
რომ ძლივსღა ამბობ:
“ელი, მწყურია,
მწყურია, ელი”…
მე მავიწყდები,
ათასში ერთხელ, მომაქვს ცრემლის კამკამა წვეთი.
შენ ესეც გყოფნის:
დგები, მოდიხარ მერამდენედ დაკეტილ სახლში,
ხედავ ჩემს ყელზე ხელმეორედ შებმულ ეჟვანს
და მაინც, მშვიდად მეუბნები:
“ნუ გეშინია, მე თქვენთან ვარ, ყოველთვის თქვენთან”…

No comments:

Post a Comment