გავხდები:შენი რიგითი წუთი,
ყოველდღიური ნაცნობი,მოძმე,
სახლის წინ მდგარი სანაგვე ყუთი,
მტვრიანი ქუჩა-აპრილის მოწმე.
გავხდები:უცხო გამვლელი ძაღლით,
შენი ხელ-პირის დაბანა დილას,
სარეცხის ფრთებით გაშლილი სახლი,
სადილის კოვზი ან მაწვნის ქილა.
გავხდები:შენი მეზობლის წყევლა,
ცელქი ბავშვების დაჭრილი ბურთი,
პატარა ბიჭის დარჩენა მძევლად
და ჩამსხვრეული ფანჯრების ბუნტი.
გავხდები:შენი ერთგული ჩანთა,
სუნამოს ბოთლი,საფულე,მძივი,
კაცის შეხვედრა საყვარელ ქალთან,
ან მოსეირნე ჭადრების მწკრივი.
გავხდები:წვიმა,გაშლილი ქოლგა
და ქვაფენილის სველი ლაქები,
ღამის პერანგი ან ძილში ბორგვა
თავზე ხელების შემოლაგებით.
გავხდები:შენი გამოცვლა კაბის,
შიშველ სხეულზე ღრუბელი ქაფის
და უცხო ზურგის შექცევა ბართან.
გავხდები:შენი ყვავილი ქოთნის,
ფანჯრის მტვრიანი,დახრილი რაფა,
წითელი ღვინის დაცლილი ბოთლი,
ჭურჭელის გროვა,დამწვარი ტაფა.
გავხდები:დილის პირველი ყავა
და გაცრეცილი ბავშვობის ფოტო,
წარსული,რომელიც გაგიხდა ავად,
წვიმაში მაინც გადის და ლოთობს.
გავხდები:შენი მაგიდის წიგნი,
რომლისაც ხშირად ივიწყებ ავტორს,
ან თუნდაც შიში,თორმეტი წლის წინ,
როცა მშობლები გტოვებდნენ მარტოს.
გავხდები:ყველა მუსიკის ჰანგი,
კლასიკა,ჯაზი,ტანგო და როკი,
თუ გინდა-თეთრი, თუ გინდა-ზანგი,
თუ გინდა-ჭრელი სარეცხის თოკი.
გავხდები:შენი თამბაქოს სუნი,
სავსე საფერფლე,ასანთის ღერი,
ნაფაზის რგოლი და შენისლული
ნიკოტინისგან ყვითელი ჭერი.
გავხდები:თოვა ცისა თუ ნუშის,
ღამის პროსპექტი დაცლილი სისხლით.
გინდა,გავხდები რაც იყო გუშინ?
ტკივილი,სევდა,სიბრაზე,ზიზღი...
No comments:
Post a Comment