Thursday, October 6, 2011

ს-იცი(?)-ლი **ლევან ქერდიყოშვილი**


ვიცინი, რადგან მტკივა ეს ხორცი
და ჩემს სიცილზე ხორხოცებს ხალხი,
ვიცინი, რადგან მიწას შემოვრჩი
ბალღთან მოხუცი, მოხუცთან ბალღი.

დავცინი სივრცის მოღუშულ სახეს
და ვიცი ცეცხლში მომელის ბოლო
და ვიწვი მე დღეს რაც გუშინ ვნახე
იმ მიწით, იმ ცით, იმ ცეცხლით... ხოლო
ხვალ უკვე ახალ ცეცხლად და კვამლად
შევინთებ დღეის ნაგროვებ შეშას
და სიმწრის სიცილს ვიწამლებ წამლად,
დავცინებ მიწას, შევცინებ ზეცას!

ვიცინი, ვიცი მოქუფრულ ღრუბლებს
არ ძალუძთ ჩემთვის ანთხიონ ცრემლი.
დაცვინი ბრმა ძმებს, დაცვინი ყრუ დებს
და აღარც რამე უკეთესს ველი.

რადგან ჩემსავით ხორხოცებს ხალხი,
ვიწვით და ცასაც ყელში აქვს ლავა.
ერთმანეთს ხორცის ნაფლეთებს ვახლით...
ვიცინი! ყველა ერთი გზით წავა!

ვიცინი, რადგან მშია და მხეცი
დღეს გუშინდელზე უარესს ვიზავ!
ვიცინი, რადგან თავ პირის ლეწვით
ჩემი ტკივილის მიზეზებს ვიცავ!

9 სექტემბერი. 2011 წელი.
თბილისი

No comments:

Post a Comment