უცნაურად ვწერ ლექსებს -
ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ...
და ჩემსავე ცრემლებზე
დავალ ცოცხალ ქანდაკად…
წმინდა საკურთხეველზე
გული მიმაქვს ზვარაკად
და ვით ერთმა მელექსემ
ერთხელ მოგვიარაკა,
- მეც იმ წამალს დავეძებ,
თუა სადმე სამთელი…
თორემ ლამის გავექცე
გულს -
უგულოდ გათელილს!..
ყველა წყალი ისე დის,
ანუ - მიედინება…
ჟამიც ისევ ისეთი,
ვით უფალმა ინება…
ყველაფერი ისედაც
იყო წვა და წვალება…
ყველაფერი ისე დგას -
კაცს რომ დაგენანება…
უცნაური რამე მჭირს:
- ბეცი ვხედავ ცაში ბეწვს!...
რისი ბეწვი,
რა ბეწვი?!.
- ეკითხება რაში ბეცს?!.
მაგრამ ის რომ ბეწვია -
ჩემს მტერს:
- ქვა და დირეა!..
ჩვენს ტყე-ველს რომ ეწვია,
სულ სხვა მონადირეა!..
გაჩეხილი მუხნარი…
მოწამლული მდინარე…
ქვაბი - მოთუხთუხარი
საყდრის კარის წინარე…
შველი - ყელდაღადრული…
ჯიხვი - მკერდგაფატრული…
მწუხარება - საყდრული…
გალეშილი პატრული…
ჩათვლემილი მეტყევე…
ყარაული - ხისთოფა…
მარად თანამედროვე
სენი - სატანისტობა…
სული - ეჭვით დახრული…
გული - სიმწრის ჭურჭელი…
სამართალი - მარხული,
დღემდის უსმელ-უჭმელი…
ლაფდასხმული კაცობა,
ვით უმამლო საქათმე…
ზოგჯერ ისე დამცოფავს
ეჭვი - ლამის გავქვავდე!..
ნეტამც, მართლა ბეცი და
ვიყო ყრუც და უჩინოც!..
ვიფიქრე და …
- შემცივდა…
- ვის სად გინდა უჩივლო?!.
ამღვრეული დავდივარ -
რის ჩანგი და ფანდური!..
ჩემივ მწირი ლანდი ვარ,
ნიღბით - დარდიმანდულით…
კივილს ყალბი ნაღარის,
ყურისწამღებს, უფალო,
ისევ შენი მაღალი
რწმენა უნდა ვუფარო!..
თორემ, ლამის ჩამქოლოს
უგულობის ქვაღორღმა…
- სანამ უნდა ვაგორო
გულზე ესე ხღვა ბოღმა?!.
ვამბობ არა წუწუნით,
რომ არ ჰყოფნით სიცილად…
- მძულს ლექსი გაქუცული!..
- მძაგს ლექსი - კუდქიცინა!..
მძაგს ლექსი - ჩათაფლული,
ფერუმარულმოყრილი,
ლიქნის ლაფში ჩაფლული,
ლაზღანდარა, ორპირი!..
მძულს ლექსი - ტვინნაჭყლეტი -
უსისხლო, უგონორო,
სიყალბე - მონაწრეტი
ოდენ საჰონორაროდ…
როს სულს ღაფავს იმედი,
როს ხრწნა - ერის სულს უტევს…
როს გარშემო - მილეთის
უცხოთესლი ფუთფუთებს…
როცა ჩვენს მწირ ყანებზეც
მობალახობს კალია…
როცა ნასახლარებზე
ეშმას ჩლიქის კვალია…
როცა ჩვენს ტყე-წყალ-ჭალებს
ხიზნის ბუში იჩემებს…
უჯიშოთა ჭაჭანი
ძარღვში სისხლს რომ მიჩერებს…
ხროვა შინაგამცემთა,
ახვართა და უძღებთა,
როცა მტერს - ბილწს და ცვედანს
კუდუსუნქვეშ უძვრება…
როცა ნიჭი ღალატის
ფასობს ვერცხლის ჩხრიალად…
როცა ცრუ-შემპარავთა
ჯოგი გვიძოვს იალაღს…
როცა თვალი მუშტრული
ჩვენს ნაზვრევსაც გარს უვლის,
შენ რას მღერი ჟღურტულით
ტყემლის ტოტზე გასული?!.
ნუთუ მხოლოდღა მე მჭირს
სენი -
რომ ვჭვრეტ ცაში ბეწვს?!.
იქნებ სულ სხვა რამე ჭირს
და არ შემდის თავში ბეცს?!.
იქნებ მართლა ბეწვია,
მე რომ ვამბობ - დირეა?!.
იქნებ - ტყეს რომ ეწვია,
არც სხვა მონადირეა?!.
იქნებ მკრეხელობაა,
რომ სჭვრეტს ბეცი ცაში ბეწვს?!.
იქნებ მხოლოდ ბოდვაა
და ვიქმ ცოდვას საშინელს?!.
ღმერთმაც ქნას და ვცდებოდე -
ბოდვა დაშთეს ბოდვადვე!..
ცუდუბრალოდ ვცდებოდე!..
ცუდუბრალოდ მოვთქვამდე!..
მაგრამ როცა გუმანი
მაინც მისას ჩამძახის
და შიშიც იდუმალი
გულს კვლავ იკლებს ცახცახით,
მაშინ რა დამაწყნარებს,
რა სიკვდილი, რა ჭირი?!.
ვყვედრი გგულებს დამცხრალებს…
ვგმობ სიფრთხილეს საჭურისს…
…ყველაფერი ისედაც
იყო წვა და წვალება…
ყველაფერი ისე დგას,
კაცს რომ დაგენანება…
მეც კვლავ ისე ვწერ ლექსებს
ქუჩა-ქუჩა, კარდაკარ
და საკუთარ ცრემლებზე
დავალ ცოცხალ ქანდაკად…
1987.01. 09
მომეწონა :) დაგიმომწონსე :)
ReplyDeleteგენაცვალე ვიკო, გამეხარდა შენი დამომწონსებული ძაალიაან :* :* :*
ReplyDelete