Saturday, September 3, 2011

*** ბარამ გურჯი



ქალი ჩანჩქერიდან მოსხლეტილი მკვირცხლი წვეთია, ჰაერშივე ქანდაკებად ქცეული...

ქალი მშვენებაა, შემოგზნებული ვნებათა ღელვის იისფერ სხეულში ჩაბუდებული...

ქალი დედაა, ტკბილი და მძიმე, მოლაპლაპე, ჩაუქრობ ლამპარზე ფრთებშეტრუსული თალხი პეპელა. თუკი ცხოვრება სანთლად ჩამოქნა მამაზეციერმა და ნაპერწკალს მისცა წუთისოფელი...

ქალი ლამაზი ნაღვენთია, ბედისწერის დამჭკნარი ქუთუთოდან ჩამოწურული ცრემლი, წლების პირღია იარებიდან ჩამოდენილი მლაშე სითხე...

ქალი ოცნებაა, მიუწვდომელ სილურჯეში მოფარფატე ოცნება...

ქალი ნატვრაა, ამაოების ცხრაკლიტულიდან გამომხტარი და ზვიადად ალანძული....

ქალი ტკივილია, სიყვარულის გადახსნილ ძარღვებში მქუხარე სიამე...

ქალი მშვენებაა, დღეთა დინების ლივლივა ზედაპირზე მიწოლილი ნიმფა, დინჯი და გულგრილი სალბუნი გულისა...

ქალი სიხარულია, გრძნობათა შეკრულ კამარაში, როგორც აკვანში, წამიერი ვნებათაღელვის არტახებით ჩაკრული...

ქალი ღიმილია, თუშის კიდეებიდან მალულად ამოძურწული ჭინკის თვალებში მინავლული და გაღვივებული ციმციმა ნაპერწკლების ხმამაღალი ოცნება, ლამაზი და აუხდენელი...

ქალი მელოდიაა უჩინარი მაესტროს ფრაკის კალთას აყოლილი, აფრების პრიალა სიმებში გადახლართული უხილავი ნეტარება...

ქალი ცრემლია ცხოვრების ქარნაკრავ ღაწვებზე მოძალებული და ქარის ბროლისფერ კიბეზე ასაფრენად გამზადებული...

ქალი ავაზაა, მოსხლეტილი, თალხი ტანის ულმობელი ბანოვანი...

ქალი ჰაერია: მასავით მსუბუქი, უხილავი, ჩუმი და უკარება, მასავით ცხელი და გაყინული, მასავით გულგრილი და ყოვლისშემძლე, მასავით საჭირო და მაცოცხლებელი...

ქალი ლამაზი სულია, პირველი კოცნაა, ხანმოკლე ბედნიერებაა, მიუწვდომელი სიმაღლეა, თვალშეუდგამი მწვერვალია...

ქ ა ლ ი ქ ა ლ ი ა...

No comments:

Post a Comment