Wednesday, September 7, 2011

კაცი სახებად ქმნილია ღმერთის.. ***გუჯა ბიძია***


(დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.
იოანეს სახარება..)

არ მახსოვს..იქნებ,
მიამბო ვინმემ ნაფიქრი ჩემი,
ან მიპასუხეს თუკი ვიკითხე,
ან წავიკითხე
სხვისი ნათქვამი სიტყვანარჩევი:
ფიქრი სწრაფია,ურჩი,თავნება
ხელიდან სხლტება.
ხან უსარგებლო,
ხან მარგებელი
არ მოგეშვება,
თავბრუს დაგახვევს ფიქრის გორგალი,
დრო კი..მოჰკალი..
შენივე ხელით.

ფიქრით,უთქმელით
კლავ მართლაც დროჟამს..
უტყვი ფიქრები,გინდ სასიკეთო
გიმოკლებს წამს და დროჟამს ამოსჭამს
უთქმელი სიტყვა..
ფიქრი სიტყვაში,სიტყვა საქმეში
ვით ძვირფასი ქვა
ოქროს სარტყელში-
არ უნდა დარჩეს
ჩაუსმელი თუ
უკეთებელი.

დახუჭე თვალი,
ფიქრი-მხატვარი
წუთებს აგივსებს,
გაგილამაზებს ფერად ხატებით,
და გაგიცოცხლებს
ფუნჯის  ჩამოსმით,რაც მახსოვრობამ შემოგინახა
სურათები თუ ჩანახატები ..
ისიც აქ არი
რაც უკვე  ნახე,ან არც გინახავს ,
ან რაც გსურს მხოლოდ,
დასაწყისში თუ საბოლოოდ,
ისიც აქ არი.
დახუჭე თვალი..
აჰა ზღაპარი..

ფიქრი-მხატვარი
ჯადოქარია,
განა ქარია,
რომ მოტანილი უკან წაიღოს,
შენ დაგიტოვებს,
ხელთ რომ ჩაგიგდებს,
დაგიმარტოვებს..
წყაროს ხომ ხედავ,დუდუნი გესმის?
გესმის?..სთქვი მერე..სხვამაც გაიგოს
და ხმა გაიღოს..
ახრილს,აწვერილ ხეებს ხომ ხედავ?
სხვაც დაინახავს..
სიოს გრძნობ?..ნიავს თითქოს სახეზე,
სხვაც იგრძნობს ამას,თუ თქმას გაბედავ,
იმის თქმას  რასაც შენ გრძნობ და ხედავ..
გრძნობასა და ფიქრს,
რისი თქმაცა ღირს
სიტყვაწყობაში თუ გამოჭედავ,
სხვაც დაინახავს..
ისიც სხვას ეტყვის,
არ შეინახავს..

ფიქრი გრძნეული ჯადოქარია,
ჰო..მხატვარია,
განა ქარია,
განა ვინმესთან  მიუქარია,
შენთან რომ არის,შენც გიხარია..
გესმის გალობა იმ მგალობელის?
შენსკენ მოფრინავს,
არაა..არ გძინავს..
ის სულ თანა გდევს,
მარტო არ გტოვებს,
ბევრჯერ გითქვია სამადლობელი,
ახლობელია..
ჰო..ახლობელი.
აგე ,მოფრინავს,
ხომ გესმის ხმები,
დაკეცა ფრთები
და ხელისგულზე ჩამოგისკუპდა
ნიბლია ჩიტი,
რაო..რა უნდა..
შენს მაჯისცემას-ძარღვი რომ ფეთქავს,
ფიქრით რომ შლიდი,
თუ შვებას გვრიდი,
ყურს მიუგდებს და ჩამოგიმარცვლავს
ჩიტი ნიბლია.
შენ ხომ არასდროს არ დაგითვლია,
რა გახარებდა,
ანდა რა გწყინდა.
ჰოდა დაგითვლის,მიტომ მოფრინდა..
დახე ნისკარტი როგორ დახარა,
კეთილმა ფრთა თუ გადაგაფარა,
შენთან დარჩება,შენც ხომ ეს გინდა..

და აბა უთხარ,თავს და ნიბლიას,
რაც გიფიქრია,
უთხარ რაც ნახე,ან ჩუმად გულში
რაც გაგივლია,
კარგი რაც არის,ჩახედე ცუდშიც,
რაც არის არის..
ჩამოჰკარ ზარიც
და ბოროტების ანახე სახე,
ანდა სიკეთე
ჰო..დაანახე,
ან შეაწუხე,
ანაც გუნება გამოუკეთე.

ჩახედე შენს სულს..
იქნებ გაიგო როდის დაიწყო,
იქნებ გაიგო  როდის  დაიყო
შენი ფიქრები
ნახე, მიხვდები
გზა არჩეული რატომ გაიყო,
ანაც მიზეზი თუნდაც რა იყო
მისი, რაც ეხლა გშლის და გაწუხებს,
მისი,რაც სულზე გიჭერს მარწუხებს,
ან თუ გახარებს,
რაღა გახარებს,
მზეს ასცქერი თუ თავი ჩახარე,
სად იავკარგე,
ან რა დაკარგე,
რატომ დაკარგე,
თუ გქონდა რამე,
სითბო ,სიამე..
რა შეიძულე,რა შეიყვარე,
და შენი თავის მიხვდი ვინა ხარ-
მტერი ,მოყვარე?
ჩახედე შენს სულს..
ხელი ჩაჰყავ და დადე ქვაზე,
ფიქრი აცხადე..ფიქრობდი რაზეც..
ჩახედე შენს სულს
და სთქვი,თუ რა გსურს..

..გახევდი..რისგან?..
ანარეკლისგან..
რომ სჩანდა წყალზე,
სულის წყაროზე,
მოციაგეზე,
მოკამკამეზე,
შენს სულის რკალზე,
სულის სავალზე..
..თავი ასწიე,
მისკენ გასწიე,
მზე გადასწიე..
სიამის ჩრდილმა გადაგიფრინა
თითქოსდა თავზე,
თვალი აგევსო,მოსწყდა,დაღარა,
მიჰყვნენ ცრემლები ერთმანეთს ღარზე,
გაკვალულ გზაზე.
სიკეთე იდგა წყაროსთან,წყალზე.
სუფთა და წმინდა,თვით სილამაზე..
თვალებამწვარმა დამალე სახე,
არსად გენახა რაც ეხლა ნახე,
დაიფიცებდე თუგინდა ხატზე..
ნიბლია ესვა,ოცნება, მხარზე,
ყვავილთა კაბა უმანკო ტანზე,
ღიმის სინაზე,
სიო ურხევდა წამწამებს თვალზე,
სიკეთე იდგა წყალთან ..თუ წყალზე..
თითქოსდა ქნარზე
დაკრულზე,ჰანგზე,
ცისარტყელები ცეკვავდნენ ცაზე.
ციდან დაეშვა ჰო..სილამაზე
თუ თვით სიკეთე,
შენი მოკეთე,
შენს სულის რკალზე,
სულის სავალზე
ციდან დაეშვა და შენთან ერთად
აფრინდა ცაზე.

თურმე გქონია იდეალები,
რას  ემალები,
ან რას მიაღწევ იდუმალებით
და უთქმელობით ან რას მიაღწევ.
ტვირთია სული მარტოსულისთვის,
მარტო ვერ ასწევ,
და ვერც გაქაჩავ..
მარტოსულობას თავს ვერ დააღწევ.
ამას ხვდები და რასაც ხვდები
ის გაწრიალებს,
და სხვას დაეძებ..ვერ ნახავ ?..იცი
რათ გინდა ფიცი-
დაიღუპები,
თუ გაჩერდები,
ან  გაჩუმდები.
ჰო..სხვას დაეძებ,
სიტყვებს ტივად კრავ
მისთვის, ვინც გრძნობას შენსას გაიზიარებს
და ვინც შენსავით იმ გრძნობას ეძებს,
მთელ  დედამიწას  რომ ატრიალებას..
კრავ სიტყვებს,
თითქოს ეხები სიმებს,
სიმებს ჩამოკრავ,
ამტვრევს თითები თითქოს სიჩუმეს
და ელი..ელი
ვინმეს თუ რამეს..
ღამე  დღეს ცვლის და დღე კიდე ღამეს,
შენ კი კვლავ ელი,
მართლაც სულ ელი,
ზოგჯერ სულელიც
გგონია თავი,
ან ღვთისმოსავი,
ბედის მორჩილი-ასწია ხელი,
დასწია ხელი..
ზარის ხმას ელის..
ზარი ჩამოჰკრა ,ჩამოითვალა,
კიდევ ერთი დღე გარდაიცვალა..

დრო ულმობელი-
მართლაც რომ გველი,
იცის რაც გელის,
გულგრილია და დაუნდობელი,
რაც გელის იცის,
ბევრი უნახავს შენსავით დღეში,
გრძნობის გარეშე.. უსიყვარულოდ..
ცოცხალი ლეში..
გეტყვის უბრალოდ,არ შეგიცოდებს,
და რა აკეთო თუ ვერ მიხვდები,
თუ გააზანტე მერე ფიქრები,
ვერ გამოხატე ფიქრი სიტყვებით-
მერე აღარც ხელს გამოგიწოდებს...
ჩახედე მერე,
თვალი უსწორე,
შენს სულს უსულოს,
უსიყვარულოს..
ეს ის სულია,ადრე რომ ნახე
და იმ ოცნების გიჩვენა სახე..
ცალად იარე ერთად სავალი?!..
გითხრეს რასაც ჰგავს ცალად მავალი-
ცოცხალი ლეში..!
ბოროტებამ რომ ჩაიგდო ხელში,
რომ ვერა ჰპოვა უსიყვარულომ,
მარტოსულობის შვება-წამალი,
დრო რომ გავიდა
და აღარ დარჩა გამოსავალი.
..შეგცივდა ვიცი..შეკრთი,
მრავალი
ფერხთ აგიცოცდა ქვეწარმავალი,
სისხლით აივსო მზე ჩამავალი,
არსება რაღაც,
უკუნეთიდან ამომავალი,
სახეშხამი და სახე მზარავი,
ნათრევი სულით,
ნათრევ სხეულით
გამომძვრალი და გამომავალი,
ყველა არსების დედინაცვალი..
ქვაგულ მტარვალი..
ცეცხლით დამწვარი გზის გამკვალავი..
შენს წინა დადგა.
სულზე დაგადგა სულთა მპარავი..

ხომ დაინახე..შენც ხომ გენება
რომ დაგენახა
მარტოსულობის
საშინელება..

ვიცი იპოვი გასაღებს კარის,
მიხვდები ვიცი,
სხვა გზა არც არის, სამოთხე არის,
ანადა რამე რაღაც მაგგვარი,
და ხვდები მასაც,არ არის ზღვარი,
და ჯოჯოხეთიც იქვეა ახლო,
ავი და კარგი გვერდიგვერდ სახლობს..
ტკივილი,წყენა,
ღალატი,შური,
ავად დარჩენა,
სულის გაყიდვა,
ბოროტი ენა
სუულ
ჯოჯოხეთად გვიქცია ზენამ..
თუკი გაიღე ვინმესთვის გული,
თუ გინდა ..თხილის,
ჰო..ლუკმაპური..
გაულამაზე მოყვარეს სული,
და არ დატოვე,
არ მიატოვე
საკუთარ თავთან  მეომარი
და მარტოსული,
და მიუტოვე ამპარტავნებას
თავგასულობა
ზღვარგადასული,
და შეგიძლია
შენ მოლოდინი შორით წასულის,
თუნდ შენს ძებნაში..სხვისკენ წასულის,
გზადაბნეულის,
გზადაკარგულის,
თუნდაც უცნობის,ჯერ არ ნახულის,
და მაგრამ მაინც
სულში ჩაწნულის და ჩაქარგულის,
მაშინ..
მაშინ  აქვეა სამოთხეც ..ახლო..
ღირსი ხარ მისი სიკეთეც ნახო..
შენშია ყველა გზა გასაყარი,
იქეთ ეშმაკი,
აქეთ საყდარი..
სული მაღალი,
სულიც საპყარი..
კაცი სახებად ქმნილია ღმერთის
და შემოქმედათ
თვით სამოთხისა და ჯოჯოხეთის!!..

ხელისგულზე გყავს ჩიტი ნიბლია-
რაც გიფიქრია,
რაც გულში გითქვამს
და  გაგივლია..
ჩ ი ტ ი    ნ ი ბ ლ ი ა
შ ე ნ ი    ფ ი ქ რ ი ა.
სთქვი..სიტყვამ ფიქრი
რომ არ დააფრთხოს
შენი და სხვისი
სული გაათბოს..

1 comment: