
***
თვალთმაქცობასთან გულწრფელობამ წააგო ომი,
უმადურისთვის სასაცილო იყო ორთავე.
ხელებს იბანდა გულწრფელობა პროფილში მდგომი,
თვალთმაქცობასთან გულწრფელობამ წააგო ომი.
ყველა სიმართლეს საკუთარი დააქვს საზომი,
სიცხადით ცხარე ცხოვრებაა ყოვლის მოთავე.
თვალთმაქცობასთან გულწრფელობამ წააგო ომი,
უმადურისთვის სასაცილო იყო ორთავე.
***
პოეზიისთვის ეს ცივი დრო, ვატყობ, მწყრალია,
ატომურ ზამთარს ნაზი გრძნობა არ ენაღვლება.
თხემით ტერფამდე შეცნობილი ევა-ქალია,
პოეზიისთვის ეს ცივი დრო, ვატყობ მწყრალია.
კაცობრიობამ გულგრილობის აბი დალია,
არყოფნის იჭვი დაალაგა ჟამმა დახლებად.
პოეზიისთვის ეს ცივი დრო, ვატყობ, მწყრალია,
ატომურ ზამთარს ნაზი გრძნობა არ ენაღვლება.
***
ეს ტრიოლეტი კოპლებიანს ჩემსას ჰგავს კაბას,
რომლის საკინძეს მხოლოდ შენი შეეხო ხელი.
რვავე სტრიქონი ჩვენი ტრფობის ინახავს ამბავს,
ეს ტრიოლეტი კოპლებიანს ჩემსას ჰგავს კაბას.
სახელი სანდო გულისპირზე ამომილამბავს,
როგორც იმედი პირველი და უკანასკნელი.
ეს ტრიოლეტი კოპლებიანს ჩემსას ჰგავს კაბას,
რომლის საკინძეს მხოლოდ შენი შეეხო ხელი.
No comments:
Post a Comment