Monday, April 23, 2012

მადლობა ღმერთო! ♥♥თამო ჯაფარიძე♥♥



მადლობა ღმერთო,
რომ მაქვს სამშობლო, ამაყი ერი
და ჩემი გენი ერკინება ათასწლეულებს. . .
დამასნეულე უშბისა და შხარას სახადით,
”რიჰოს”, ”ლილეოს” ზიარებით დამასნეულე.


მადლობა ღმერთო,
რომ ჩემნაირ ცოდვილ ქალებს აძლევ შენდობას,
მენდობი დღემდე და სანთელსაც იწირავ ჩემგან,
სიზმარში მაინც ხომ მაქვს ფრთები
და აღმაფრენაც ზოგჯერ ცრემლით მაღვიძებს დილით. . .


მადლობა ღმერთო,
ჭრელი მინდვრებით გახედნილი ბავშვობისათვის,
თანხმობისათვის - დამერწია ორი აკვანი,
ჩემი სამყოფი კაბისა და სამკაულისთვის,
ჯილდოდ მოძღვნილი ეკლებისათვის,
სასწაულისთვის -
ს ი ყ ვ ა რ უ ლ ი რომ ჰქვია სახელად. . 


მადლობა ღმერთო,
ჩემს აკვანთან საჩხაკუნო მახსოვს მძივები,
ძუძურძიანი დედის კალთა-
სიხარულის საბრძანებელი;
სიმღერა ქალთა - ბატონების საგალობელი,
მამის ხელები - საიმედო თავშესაფარი. . .


მადლობა ღმერთო,
რომ მასწავლე ტკივილი ლექსით,
არ მაძინებდი,
მწარე იყო სიზმრების დრამა. . .
არ ამიხდინე ოცნებების
ფერადი გამა,
არც ნატვრისთვალი არ მაპოვნინე. . .


მადლობა ღმერთო,
რომ მაქვს პური
და სიყვარულის შაქრით ნაზავი თბილი ვახშამი;
და მყავს გამწყრალი ქმარი, რომელიც
მიწუნებს მუდამ ტრაპეზის მარილს. . .
არის კედელზე შენი ხატი
და სანთლებთან მოჩურჩულე ჩემი შვილები. . .


მადლობა ღმერთო,
რომ არ მაქვს ფული. . .
და არაფერზე არ გავიყიდე,
რომ ოქრო-ვერცხლზე უფრო დიდი რამ
მიწყალობე
და როცა გთხოვდი,
ხელისგულზე სულ მქონდა თაფლი
და არასოდეს მიქციე შხამად. . .


მადლობა ღმერთო,
რომ ვარ ღარიბი და მაზიარე
სიმდიდრეს სულის,
რომ ამოავსე ჩემი გული
მდუღარე სისხლით
და არ მანახე ცარიელი გულის სიცივე.. .




მადლობა ღმერთო,
რომ ძაღლივით ვიყავ ერთგული,
რომ არ მომეცი ძაღლის ბედი,
არ შემიბრალე,
არ მანებივრე,
არ გამიშვი მრუდე ბილკით. . .
მადლობა ღმერთო,
რომ არავის არ ვუღალატე,
ღალატისათვის არ ვმტრობ არავის,
რომ ყვავის ტუზი მუდამ იდო
გაშლილ ბანქოში
და ცხოვრებაში არ მაძლევდი
არაფრის ”კოზირს”. . .


მადლობა ღმერთო,
მეგობრისათვის, ვინაც შეძლო
ბეწვის ხიდზე ჩემი გაყვანა,
ვინაც მასწავლა პატიება,
თმენა, გატანა
და ამისათვის
არაფერი მთხოვა სანაცვლოდ. . .


არ ვიცი ღმერთო,
არ ვიცი ღმერთო...
ვიცი - დავუშვი ისევ შეცდომა,
მჯერა ამ ლექსზეც მომცემ
შ ე ნ დ ო ბ ა ს...


2000 წლის 23 აპრილი.
მესტია

No comments:

Post a Comment