Saturday, April 7, 2012

აღსარება ***ნიკა ჩერქეზიშვილი***

(პოეტური მიგნებების გარეშე) 

მარტივად, 
ისე, 
რომ სიკვდილზე კიდიხარ, 
ცხოვრებას (დოგმაა) ტონი აქვს უხეში, 
ყველა კონცეფცია და ყველა იდეა, 
ყველა თეორია მცდარია.
ფუ ეშმაკს! 
აქ ხვდები პარადოქსს, 
ჩანს,
წინ წაიწევა 
საქმე და სიტყვები სიტყვებში გაგრევენ, 
უფალი ყოველთვის უფრო მეტს იძლევა, 
ვიდრე სთხოვ, 
რწმენისგან დარჩენილ ნანგრევებს
თუ არ მოუფრთხილდი,
ერთხელაც მოხდება, 
დადგება განგება შემთხვევის დონეზე, 
პირველი რჩევაა - მკვდარი ნუ მოკვდები, 
მეორე - კაცი რომ მეტია ცხოველზე. 
იცინი, 
(სიმწრისგან)
რომ სერიოზული, 
არის განლაგება ქაოსში საგნების,
პოეტი გქვია და ცოლი გყავს ორსულად, 
რა შუაშია და 
ძნელია გაგნება 
გზის, 
როცა სივრცესაც სჩვევია დუმილი, 
მართალი ყოველთვის თავს ჩათვლის ცოდვილად, 
ეპოქა წყდება და გაბმული ყმუილის 
აზრია უაზრო, 
ფუ შენი, 
მოდი რა, 
აქციე ზურგი ამ ხმას - გულისარევის, 
გეგმა ვინც დაიდო წინ - იმოგზაუროს
თვითონ
და მოეშვი წეს-წყობის არევას, 
წესი რა წესია თუ აურზაური, 
აღრევა, 
დებოში არ გამოიწვია, 
ფეხები რად გინდა თუ ძლივს არ მიათრევ, 
ასეა,
შენამდეც მრავალმა იწვნია, 
რომ ყველას თავისი ჰქონია სიმართლე. 
რადგანაც გრძელია გზა, 
გარდაუვალი,
აქამდე ყოფილთა, 
არდაბადებულთა, 
და შეწყალებაზე ნათქვამი უარი - 
დროა, 
რომ უარყო, 
სანამ ჩაგეხუთა 
ჰაერი, 
ცხოვრება ნამდვილი ომია, 
შედეგი არასდროს ემთხვევა მოლოდინს, 
ვერც შენ გადარჩები თუ არ გითხოვია 
უფლისთვის, ინებოს, გახვიდე ბოლომდე. 
რადგანაც ყელში გაქვს გაჩრილი ცოდვები, 
ჰგავხარ უსურვილო, 
უსულო თვითმკვლელებს, 
სანამ შენს მყიფე ძვლებს მიწიდან მოკრებენ, 
ილოცე - 
მიშველე, 
უფალო, 
მიშველე... 
დღეს ყველა სწავლული შტერია, 
პედანტი, 
ყველა გულმხურვალე - საზიზღარად მლიქვნელი, 
ამ თემის გარშემო გამართულ დებატებს, 
გამოთქმულ სირეგვნეს,
გამოთქმულ სიქველეს,
ვინ რა თავში იხლის, 
დროს,
წარსულს
რა შეცვლის,
ის მხოლოდ ოდროოდ წასულებს ენდობა, 
ვფიქრობ, 
ყველა კითხვას პასუხი გაეცა, 
დღეს თუ ხარ ცოცხალი - დღეს ითხოვ შენდობას. 
მიყვები არაეულ-დარეულ დინებებს, 
(აქ უკვე საშინლად გეშლება ნერვები) 
ოცი საუკუნის წინ 
ღმერთმა ინება 
და ჩვენთვის ჯვარს ეცვა და დღემდე ევნება.

1 comment: