Wednesday, June 22, 2011

მკვლელ ფიქრს... **ლევან ქერდიყოშვილი**


მეხად დამეცი - ვიყავი მე ხე,
ცეცხლად შემენთე - ვიყავი კვარი.
ცხოვრებას, ნისლა ხარების მეხრეს
მარხილით მიაქვს ახალი მკვდარი.

სენად მომედე! საკუთარ სევდის
ვზიდავდი უღელს და კაცი მერქვა,
სიკვდილი იყო სასჯელი ბედის
და ბოლო სიტყვად მინდოდა მეთქვა,
რომ მოვკვდი მარტო უღრანში ფიქრის
დაუსაბამო ოცნების მიღმა,
ცხოვრება ახლა სამარეს მითხრის,
შენდობის სიტყვაც ვერავინ მითხრა...

ხან ფიქრი მეხად! (ვიყავი მე ხე)
მეხვია ტანზე ტკივილად მუმლი,
ვიყავი მუხა და ახლა მეხრე 
მიმათრევს შეშად - დამარტყა ცული.

და შენ კი ფიქრო იყავი ჭიაც,
გამახმე, მერე დამნაცრე ხელად...
ვიყავი კაცი დიდი და ჩიაც
შენ სასიკვდილო გამიჩნდი ხველად.

შენ ფიქრის ჭიავ და ფიქრის სენო
ფიქრის უღრანში მოსულო მეხად,
მომკალი, მმარხავ და დამესვენო
უნდა უსახო საფლავზე მე  ქვად...


20 მარტი. 2011წელი.
ბობნევი, ღამე.

No comments:

Post a Comment