Thursday, June 9, 2011

ქუჯისა ***კობა ჭუმბურიძე***


ეგრისისთავს, ბრძენკაც ქუჯის, მკლავიც ერჩის, თვალიც უჭრის, 
მის ზეობას ხინჯი არ ჭირს, არც სამთავროს არა უჭირს.
მაშ რად უხმობს გარეთ ღამე, ღამისტეხად განა რა რჯის, 
ან რა სადარდელის გამო დასდგომია ჟამი განსჯის.
ქუჯის ფიქრი ცას ფენია ხვიჩა-ხვიჩა მურიცხებად, 
იწრო ქაშანს თუთა რჩელა უნათებს და მიუძღვება. 

ეულ ღრუბელს მთვარის ქანდა ვერცხლად შემოუმაქმანდა, 
კრიამპოზე შედგა ქუჯი, გარამს ძირი არ უჩანდა…
და გაბრწყინდა თითქოს უნჯი, გული იჩქით შეუქანდა,
ათასწლეულს განსჭვრეტს ახლა გონი მისი გამჭრიახი, 
ამგვარ საქმეს არ უხდება ფორიაქი და კრიახი. 
შთამომავალს თუ საძირკველს განუმზადებს საიმედოს, 
ერთობისთვის, პირველყოვლის, ტახტი უნდა გაიმეტოს. 
ამერსა და იმერს შუა უნდა გადოს ამით ხიდი 
და მგლის მოდგმის ყველა მთავარს თვით აჩვენოს მაგალითი.
ქედმაღლობით ეგზომ ფუჭით, სიყოყოჩით ამაოთი, 
ვერ გახდება მოდგმა ქუჯის მტერთა მომრე და მაოტი.
ამ ერთობით შეადუღა კოლხ-იბერთა დიდი მიწა 
და ჭაბუკი ფარნავაზი მცხეთა-ქალაქს განამტკიცა.

მისი სისხლის ერთი წვეთი ჩვენს ძარღვებში კიდევ თუა, თუ შემოგვრჩა მისი სული, 
მისი ფხა და მისი ჭკუა, ხელისგულზე დავისვენოთ ოჯალეშით სავსე თასი, 
სიამაყით გავიხსენოთ საარაკო ღვაწლის ფასი 
ერთიანი საქართველოს ზნეკეთილი პირველბურჯის,
ცას ავხედოთ და ავძახოთ
– ქუჯის გაუმარჯოს! ქუჯის!

No comments:

Post a Comment